-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
„თუშეთი - წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“
22/12/2025
„თუშეთი - წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“
უნიკალური არქეოლოგიური კოლექციების პირველი გამოფენა
2025 წლის 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
(რუსთაველის გამზირი №3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი)
გაიხსნება გამოფენა „თუშეთი — წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“.
ექსპოზიცია ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგენს თუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულ უნიკალურ არტეფაქტებს. დამთვალიერებელი იხილავს საკულტო დანიშნულების ნივთებს, სხვადასხვა სახის სამკაულს, XIX–XX საუკუნეების ფოტომასალასა და სხვა არქეოლოგიურ ნიმუშებს.
გამოფენა ყურადღებას ამახვილებს შუა საუკუნეების თუშეთში წარმართული ტრადიციებისა და ქრისტიანული სარწმუნოების ურთიერთქმედებასა და თანაარსებობაზე, რაც საშუალებას იძლევა უკეთ იქნეს გააზრებული რეგიონში ჩამოყალიბებული რელიგიური წეს-ჩვეულებები და მათი ადგილი საქართველოს ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში.
თუშეთი, თავისი რთულად მისადგომი გეოგრაფიისა და მდიდარი ტრადიციული კულტურის წყალობით, საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა უძველეს ადათ-წესებს, ფოლკლორს, მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ზეპირსიტყვიერ ტრადიციებს. ექსპოზიცია ამ მრავალფენოვან მემკვიდრეობას წარმოაჩენს როგორც ადგილობრივი იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. შესრულდა არქეოლოგიური მასალის სამეცნიერო კვლევა და მომზადდა ექსპოზიცია. საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით პროექტში ჩაერთნენ იტალიელი სპეციალისტები, რამაც კვლევით პროცესს საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება შესძინა.
გამოფენა „თუშეთი — წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, პოპულარიზაციისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის მიმართულებით.
გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 26 მაისამდე.



