შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
კანკელი. XII ს.
სათხე, ქვემო ქართლი
ქვა. 280 X 483 X 18 სმ
სათხის ერთნავიანი ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთიდან სამხრეთით, ტყეში. 1896 წელს ტაძარი ექვთიმე თაყაიშვილს მოუნახულებია და მის ნანგრევებში კანკელის ფრაგმენტები აღმოუჩენია, რომელთა რაოდენობა კანკელის მეტნაკლებად სრული სახით წარმოჩინების საშუალებას იძლევა. მისივე თაოსნობით 1900 წელს ფრაგმენტები თბილისში იქნა გადმოტანილი და დღეს მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს. კანკელის ფილებზე გამოსახული არიან წმინდა მხედრები (წმ. გიორგი და წმ. თევდორე), ხოლო ანტაბლემენტზე მოცემულია ასომთავრული წარწერა, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ასე კითხულობს: „სახელითა ღმრთისაითა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისაითა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისაითა და წმიდისა კვირიკესითა მე გლახაკი იოანე მოძღვარი ღირს მყო ღმერთმან და აღვაშენნე კანკელნი ესე, დაამყარენ ღმერთმან, მეფეთა მეფისა გიორგისთვის, და სახსრად ფრიად ცოდვილისა სულისა ჩემისა. მოიხსენე უფალო ღმერთო, სული მამისა იოვანესი“.
2018 წელს სათხეს კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას ახლად აღმოჩენილ ერთ-ერთ ფრაგმენტზე მოცემულმა ქორონიკონმა კანკელის აგების ზუსტი თარიღი განსაზღვრა - 1171 წ.