შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
კანკელის ფილა. XI ს.
ატენი, ქართლი
ქვა. 101 X 82 X 17 სმ
ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია (ორბელიანთა ეკლესია) VII-IX სს ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს მარტივ თანაბარმკლავიან ჯვარს და ნაგებია რიყის ქვით. X ს-ში ტაძარი განუახლებია ლიპარიტ ბაღვაშის ვაჟს, რატის, რასაც გვამცნობს დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა.
ატენის კანკელის ფილის პროფილირება უჩვეულოა ქართულ რელიეფურ სკულპტურაში. ფილის ზედაპირი მთლიანად დაფარულია ერთგვაროვანი, სტილიზებული მცენარეული ორნამენტით და მის ცენტრალურ ნაწილში ჩასმულია ორი „ხატი“ (29 X 22 სმ) მახარებლების - მათესა და მარკოზის გამოსახულებით, რომელთაც ახლავთ მაიდენტიფიცერებელი წარწერები.