შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
კანკელის ფილა. XI ს.
ზედაზენი, ქართლი
ქვა. 111 X 89 სმ
VI საუკუნეში სირიიდან ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა იოანემ მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად აირჩია წარმართული კერპების სალოცავი ადგილი - ზედაზენის მთა. სამლოცველად მოაწყო ერთი გამოქვაბული, ააგო მცირე სადგომები და დაარსა მონასტერი. გარდაიცვალა 573 წელს და დაკრძალულია მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეკვტერში. VIII ს-ის III მეოთხედში კათალიკოსმა კლიმენტოსმა ააგო სამნავიანი ბაზილიკა, რომლის ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში ჩართულია VI-VII სს-ების დარბაზული ეკლესია იოანეს ეკვტერით. ამავე ბაზილიკისთვისაა შექმნილი XI ს-ით დათარიღებული ზედაზენის კანკელიც.
კანკელის ფილის ცენტრალურ არეზე გამოსახულია ორი ფიგურა სამეფო შესამოსელში. ფილაზე არსებული ასომთავრული წარწერების თანახმად ერთი მათგანი კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე III დიდია, ხოლო მეორე - ოვსთა მეფე ურდურე. სცენა მათ შორის სამეკავშირეო შეთანხმების საზეიმო მომენტს ასახავს. კანკელის ორნამენტირებულ მოჩარჩოებაში ჩასმულ მედალიონებში სასულიერო და სამხედრო პირთა ბიუსტებია ჩასმული. ზედა ჰორიზონტალურ რიგში ცენტრალური გამოსახულება, სავარაუდოდ, თავად იოანე ზედაზნელია. ცენტრალური სივრცის შემომსაზღვრელ გრეხილ ლილვზე, მარცხენა ვერტიკალზე, განცალკევებით მოთავსებულ ბიუსტს ახლავს წარწერა “ვაჩნა“. შესაძლოა ეს იყოს კვირიკე III-ს პაპა დედის მხრიდან, წერილობით წყაროებში მოხსენიებული ვაჩნა წირქვალელი.