შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
სარკმლის თავსართი. X ს.
ფეტობანი, ფოცხოვი (დღეს თურქეთის ტერიტორია)
ქვა. 65 X 132 X 33 სმ
ფოცხოვის ხეობა მესხეთის ერთ-ერთი მხარის - სამცხის შემადგენლობაში შედიოდა და სტრატეგიულად ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. შუა საუკუნეების საქართველოში ეს ხეობა ჯაყელთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. ფოცხოვის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები იყო ყველის ციხე და ჯაყის ციხე. XVI ს-ში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. დღესდღეობით ეს ხეობა თურქეთ-საქართველოს საზღვრით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ხეობის ზედა წელი თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეულში, ხოლო ქვედა ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია. სოფელი ფ(პ)ეტობანი თურქეთის ფოცხოვის მხარის ერთ-ერთი სოფელია, რომლის ცენტრში დღესაც შემორჩენილი დარბაზული ეკლესია სამეურნეო ნაგებობათაა გადაკეთებული.
ქართული რელიეფური სკულპტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი - X საუკუნის სარკმლის თავსართი ფეტობანიდანაა ჩამოტანილი. მასზე გამოსახული არიან ქტიტორები (ქალი და მამაკაცი) ეკლესიის მოდელით ხელში.