შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
აშოტ კუხის რელიეფი. X ს.
ტბეთი, ისტორიული შავშეთი (დღეს თურქეთის ტერიტორია)
ქვა. 114 X 39 სმ
1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ტბეთიდან (დღეს თურქეთის ტერიტორია) ჩამოიტანა აშოტ კუხის რელიეფი, რომელიც დღეს საგამოფენო სივრცეს ამშვენებს.
ტბეთი - შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, შავშეთში.
პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავ აშოტ კუხის (აშოტ ბაგრატიონი გარდ. 918წ.) მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. აშოტი ფართო საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა. ტბეთის გარდა მის სახელთანაა დაკავშირებული ხანძთის ეკლესიის აგებაც. სწორედ მისი გამოსახულება ამკობდა ტაძრის ინტერიერში ჩრდილო-დასავლეთ ბურჯის სამხრეთ წახნაგს. გამოსახულება მაღალი რელიეფითაა მოცემული საზეიმო სამოსში, გრძელი კაბითა და მხრებზე მძიმე ქსოვილის სახელოებიანი მოსასხამით. მსგავსი სამოსი წარჩინებულთათვის იყო განკუთვნილი და საუკუნეთა მანძილზე არსებობდა საქართველოში. ქტიტორს ხელში, ტრადიციისამებრ, ეკლესიის მოდელი ეჭირა, თუმცა დღესდღეობით შემორჩენილი აღარ არის.