Museum - შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
ENG GEO

შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე

კაპიტელი.  V ს.  
ბოლნისი, ქვემო ქართლი
ასლი, ტონირებული თაბაშირი.  38 X 75 X 38 სმ


ბოლნისის სიონი (478-493) ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო ძეგლია. ღია მწვანე ფერის ტუფით ნაგები სამნავიანი ბაზილიკის ექსტერიერი (ეპოქის შესაბამისად) დეკორის გარეშეა დატოვებული, ხოლო ინტერიერში სვეტებისა და პილასტრების კაპიტელები შემკულია, როგორც  ქვაზე კვეთილი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებით, ასევე ჯვრის, ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებით, რომლებიც გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებლებია. ბოლნისის სიონის რელიეფები ნათლად წარმოგვიჩენს წარმართული და ქრისტიანული რელიგიური სიმბოლოების შერწყმის მცდელობას და ასევე სასანური ხელოვნების ნიმუშებთან სიახლოვეს.

ბაპტისტერიუმის სვეტისთავის წინა მხარეს გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი ორი მხრიდან ფლანკირებული ფარშევანგებით (აღდგომის, უკვდავების სიმბოლო). ბოლოებგაგანიერებული ტოლმკლავა ჯვარი (კონსტანტინე დიდის „ძლევის“ ჯვარი) საქართველოში პირველად გამოისახა ბოლნისის სიონზე, რის გამოც სამეცნიერო ლიტერატურაში მას ბოლნისის ჯვარად მოიხსენიებენ.

მარცხენა წახნაგზე ხარის თავი რქებს შუა ჯვრით.

მარჯვენა წახნაგზე გამოსახულია ვაზის ყლორტი ყურძნის მტევნებით. ადრექრისტიანული  რელიეფური სკულპტურითვის ფაქტობრივად აუცილებელი ეს დეკორატიული მოტივი მტკიცედ დამკვიდრდა მთელი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგში.