შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურის საგამოფენო სივრცე
სარკმლის ჩარჩოს ფრაგმენტი. XI ს.
ვერე, ქართლი
ქვა. 107 X 59 X 22 სმ
ვერეს ღვთისმსობლის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. გარდატენიდან 5,5 კმ-ში, მდინარე ვერეს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში მდებარეობს. თარიღდება VII ს-ით, გადაკეთებულია XI ს-ში. სამნავიანი ბაზილიკა შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ჩარჩოზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც ეკლესია XI ს-ის 60-იან წლებში აღუდგენია და ჩუქურთმით მოურთავს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი სარკმლის მოჩარჩოების ფრაგმენტი ამ გადაკეთების დროინდელი ნიმუშია.