- კვლევა
- სამეცნიერო ცენტრები
სამეცნიერო ცენტრები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აკადემიკოს ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი
1950 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით პრეზიდიუმთან შეიქმნა პალეობიოლოგიის სექტორი, რომლის ბაზაზე 1957 წელს ჩამოყალიბდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტი. ინსტიტუტს სათავეში ედგა (გარდაცვალებამდე 1977) აკადემიკოსი ლეო დავითაშვილი, ხოლო შემდეგ აკადემიკოსი ლეო გაბუნია. ამჟამად ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა. ვეკუა.
პალეობიოლოგიის ინსტიტუტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ხერხემლიანთა, ზღვის ორგანიზმთა, პალეობოტანიკის განყოფილებები, ამოქმედდა სამეცნიერო ლაბორატორიები, შეიქმნა პალეობიოლოგიისა და ზოგადი ბიოლოგიის უმდიდრესი ბიბლიოთეკა. ინსტიტუტში ძირითადი კვლევა მიმდინარეობდა პრობლემის ირგვლივ საქართველოს და მომიჯნავე ტერიორიების ნამარხი ფაუნისა და ფლორის ისტორიული განვითარების კანონზომიერებები. ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე გამოქვეყნებულია 171 მონოგრაფია, 1030-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომლებმაც სპეციალისტების აღიარება დაიმსახურეს. პრემიით აღინიშნა ლ.დავითაშვილის, ლ.გაბუნიას, ა.ვეკუას, დ.ლორთქიფანიძის მონოგრაფიული ნაშრომები. ლ.დავითაშვილის კაპიტალური ნაშრომი პალეონტოლოგიის კურსი თარგმნილია და გამოქვეყნებული უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში, ლ.გაბუნიას ჰიპარიონების ისტორია ითარგმნა და გამოიცა საფრანგეთში და ჩინეთში. დმანისის ჰომინიდებზე მეცნიერული ნაშრომები შესრულებული პალეობიოლოგიისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიერ აღიარებულია მსოფლიოში და მოწონებით სარგებლობს. პალეობიოლოგიის ინსტიტუტი მონოგრაფიების პარალელურად გამოსცემდა კრებულებსა და პერიოდულ ჟურნალს პალეობიოლოგიის პრობლემები. ამჟამად ა.ვეკუას რედაქტორობით გამოდის საბუნებისმეტყველო და პრეისტორიული სექციის მაცნე, რომლის სამი ნომერი გამოქვეყნებულია.
პალეობიოლოგიის ინსტიტუტი პერიოდულად ატარებდა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, აქტიურად მონაწილეობდა მოხსენებებით უცხოეთში ჩატარებულ სამეცნიერო ღონისძიებებში.
ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებდა ექსპედიციებს საქართველოს, მეზობელი რესპუბლიკების, ჩრდილო კავკასიისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის შესწავლის შედეგები ქვეყნდებოდა სამეცნიერო გამოცემებში. ინსტიტუტს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის, სხვა რესპუბლიკებისა და უცხოეთის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან, ამუშავებდა და ამუშავებს მათთან ერთად (პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, აშშ) სამეცნიერო პროექტებსა და თემატიკას.2011 წელს პალეობიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია ორი მონოგრაფია: 1. დმანისელი ჰომინიდები (ა.ვეკუა, დ.ლორთქიფანიძე), 2. საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის ისტორია&(ი.შატილოვა თანაავტორებთან ერთად) ინგლისურ ენაზე. და ხ. მიქაძის (თანაავტორებთან ერთად) Биостратиграфия мезо-каинозойских отлижений бассеинов рек Ксани и Арагви по микрофора-миниферам и нанопланктону2011 წელს თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია ადგილობრივ და უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში 41 სამეცნიერო სტატია. ამავე წელს ა.ვეკუას რედაქტორობით გამოქვეყნდა საბუნებისმეტყველო და პრეისტორიის სექციის მესამე ნომერი და ჟურნალი Археология Кавказа #4.
2011 წელს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ქ.ბერნში, კომის ავტ. რესპუბლიკაში, აზერბაიჯანში (ბაქო), სომხეთში (ერევანი). მონაწილეობდნენ ექსპედიციებში თურქმენეთში და ყაზახეთში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი არის მემკვიდრე არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა, რომელიც დაარსდა 1977 წელს და მას შემდეგ ამ დარგის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა საქართველოში.
დაარსებიდან დღემდე არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი მაღალ მეთოდოლოგიურ დონეზე აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფართომასშტაბიან მეცნიერულ კვლევას. არქეოლოგიური გათხრები ტარდება როგორც გეგმიური სამეცნიერო პროექტების, ასევე გადარჩენითი, ახალმშენებლობებთან დაკავშირებული პროექტების ფარგლებში. ყველა დიდი პროექტი არქეოლოგიურად სწორედ არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა უზრუნველყო, მათ შორის: ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებისა და გაზსადენის მშენებლობის ზონაში, "ბრითიშ პეტროლიუმის" დაკვეთით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს რკინიგზის და სხვ. პროექტები.
წლების განმავლობაში ტარდება ერთობლივი სამეცნიერო პროექტები წამყვან საერთაშორისო ცენტრებთან ერთად, როგორებიცაა: გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი და ბოხუმის სამთო მუზეუმი, მელბურნის უნივერსიტეტი (ავსტრალია), ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა), საფრანგეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.
2011 წლიდან მუშაობს ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეიტში.
ამის შედეგად ნგრევას გადაურჩა ათასობით არქეოლოგიური, მათ შორის, მრავალი უნიკალური ძეგლი, ახლებურად წარმოჩნდა საქართველოს უძველესი კულტურა. ქართველი მეცნიერების პუბლიკაციებით, გამოფენებითა და სხვა საშუალებებით მთელი მსოფლიო გაეცნო საქართველოს არქეოლოგიურ საგანძურს.
ახალი სამართლებრივი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი გახდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილი. ამით შეიქმნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის მძლავრი კერა, რომელსაც საშუალება აქვს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აწარმოოს სამუშაოთა სრული ციკლი: არქეოლოგიური ძეგლების მოკვლევა და გათხრა-ფიქსაცია, მოპოვებული არტეფაქტების კონსერვაცია-რესტავრაცია და სათანადო საცავში დაბინავება, სრული დოკუმენტაციისა და სამეცნიერო ანგარიშის მომზადება, სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაციების გამოქვეყნება, გამოფენების მოწყობა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინერგება კვლევისა და რესტავრაციის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები, რაც საშუალებას იძლევა სრულიად ახლებურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ეროვნული სიმდიდრე.