- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
25/02/2020
7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ გენერალ ზურაბ კობიაშვილის აქამდე უცნობ კოლექციას - საბრძოლო იარაღები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ნიმუშები, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ზურაბ კობიაშვილი (1864-1931) სამხედრო სამსახურის გამო, ხშირად იმყოფებოდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი იარაღის კარგი მცოდნე და შემფასებელი იყო. წლების განმავლობაში მან იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე.წ. „ბუდისტური კოლექცია") ნიმუშების მდიდარი კოლექცია შეაგროვა. 1926 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა ეს კოლექცია შეიძინა, და როგორც იმდროინდელი კომისია აღნიშნავდა, „გაამდიდრა ეროვნული საგანძური". მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.
საბრძოლო იარაღის კოლექცია მოიცავს XVI-XIX საუკუნეების როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, რუსულ, ევროპულ, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების 199 იარაღს. კოლექცია მდიდარია როგორც იარაღის სახეობებით, ასევე მისი გეოგრაფიული დიაპაზონით. მათ შორისაა: ჩინური, იაპონური, ინდური, სპარსული, თურქული, მონღოლური, ევროპული, რუსული, კავკასიური, ქართული და ამერიკული იარაღი.
,,ბუდისტური კოლექცია" მოიცავს ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის ნიმუშებს, კერძოდ, ინდუისტურ და ბუდისტურ ღვთაებათა ბრინჯაოს, კერამიკისა და ხის გამოსახულებებს, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს. ზურაბ კობიაშვილი კარგად იცნობდა აღმოსავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მასთან დაკავშირებული ნივთებისადმი.
მემორიალურ ნივთებს შორისაა გიორგი სააკაძის, ჰაჯი მურატის და გენერალ ნიკოლოზ პეტრეს ძე ლინევიჩის თოფები; ზურაბ კობიაშვილის ხმალი, რომელიც მას დაღესტანში სამხედრო სამსახურის დროს (1904 წ.) დარგოელებმა უსახსოვრეს; საამ კობიაშვილის ხმალი (XVIII ს. მთიულეთის მოურავი); ემინ გირეის XVI საუკუნის მუზარადი; ალექსანდრე ბატონიშვილის (მეფე ერეკლე II-ის ძე) ნაჩუქარი ცხენის რახტის ნაწილები (ბატონიშვილმა საჩუქრად მიართვა ჯანდიერების ოჯახს, საიდანაც კოლექციონერის დიდედას მზითვად მოჰყვა კობიაშვილების სახლში) და სხვა.
ფერწერულ კოლექციაში დაცული 28 ტილო განეკუთვნება ახალი ქართული მხატვრობის პირველ ეტაპს - „საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან XIX საუკუნის 70-იან წლებამდე". თითოეულ სურათზე გამოსახულია ეროვნულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი ან ქალი. მთავარი ყურადღება ჩაცმულობასა და აქსესუარებს ექცევა, მათ შორის საბრძოლო იარაღს, სამკაულებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ეს სურათები თბილისის ერთ-ერთ სამხატვრო სახელოსნოშია შესრულებული.
გამოფენა, ფართო საზოგადოებას, პირველად წარუდგენს გენერალ ზურაბ კობიაშვილის მრავალფეროვან კოლექციას.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3