Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა 2023 წლის ანგარიშები

 26/04/2024

2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელთა წლიური საანგარიშო კონფერენცია, რომელიც გაიხსნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელ ნინო გედევანიშვილის მოხსენებით. იგი შეეხო ამერიკისა და ევროპის მუზეუმებში სხვადასხვა საეტაპო სიახლესა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მათი გაზიარება-დანერგვის, ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის ყოველწლიურად სამუზეუმო საქმიანობის შესახებ ანგარიშების საჯაროდ წარმოდგენისა და მათი გამოქვეყნების აუცილებლობას. თანამშრომლებს ანგარიშების შესადგენად წინასწარ დაეგზავნათ სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების მიერ შემუშავებული კითხვარი (იხ. ქვემოთ), რომელშიც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ხელოვნების მუზეუმის მრავალფეროვანი ფონდების /კოლექციების თანამშრომელთა სამეცნიერო, სამუზეუმო-პრაქტიკული თუ სარესტავრაციო-საკონსერვაციო საქმიანობის განსხვავებული სპეციფიკა. კონფერენციაზე ისინი მოხსენებათა სახით სწორედ ამ კითხვარის მიხედვით შედგენილი ანგარიშებით წარდგნენ. იქვე გადაწყდა პირველად მუზეუმის არსებობის განმავლობაში ამ ანგარიშების ელექტრონული სახით გამოქვეყნება ფოტოილუსტრაციების თანხლებით. კონფერენციაზე წაკითხულ იქნა მოხსენებაც, რომელიც შეეხებოდა ხელოვნების არტეფაქტთა რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში მსოფლიოში აპრობირებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მათი დამკვიდრების აუცილებლობას. მოხსენების თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ანგარიშებთან ერთად ისიც გამოქვეყნდება. ამასთანავე, საჭიროდ იქნა მიჩნეული, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში შემავალ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა ანგარიშების გარდა, ამ ჯგუფის სხვა ინსტიტუციების (დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) მიერ 2023 წელს გაწეულ თემატურ და მიზნობრივ სამუშაოთა ანგარიშების გამოქვეყნებაც. ამ ანგარიშების გამოცემა ხელს შეუწყობს მუზეუმების თანამშრომლების გამოცდილებათა ურთიერთგაზიარებას და, ამასთან, მკითხველს ადეკვატურ წარმოდგენას შეუქმნის მუზეუმისა და მუზეუმელების ეროვნული მნიშვნელობის რთულ, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაზე.

ფაილის ჩამოტვირთვა