მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ ციფრული რეკონსტრუქცია
22/05/2020
მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის" ციფრული რეკონსტრუქცია
(თავისუფლების მოედანი)
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის" (დღევანდელი თავისუფლების მოედნის) ციფრულ რეკონსტრუქციას 360 გრადუსიანი ხედებით. ვირტუალურ მოედანთან ერთად, შესაძლებელია მოედნის ისტორიისა და მოედანზე დღემდე არსებული თუ უკვე დაკარგული მნიშვნელოვანი ნაგებობების ისტორიულ-არქიტექტურული ნარატივების ხილვაც.
მოედნის ციფრული რეკონსტრუქციისა და მისი ნაგებობების ისტორიულ არქიტექტურული კვლევების მოსამზადებლად გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური ვიზუალური მასალები - თბილისის რუკები და ურბანული გეგმები, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა შენობების არქიტექტურული პროექტები და ესკიზები, გრავიურები, დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინაშვილის მდიდარი ფოტოკოლექციები, ასევე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მარჩიანას ეროვნული ბიბლიოთეკის (ვენეცია) მასალები.
რომელთა საფუძველზეც გამოსაცემად მომზადდა წიგნი-კატალოგი „XIX საუკუნის თბილისის ისტორიული არეალებისა და ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია, ნაწილი I, ერივანსკის მოედანი". გამოცემაში ციფრულად დამუშავებული 3D მოდელების საშუალებით რეკონსტრუირებულია ისტორიული მოედნის იერსახე და მისი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობები.
პროექტის რეალიზებით, ძველი ქალაქის ეს ისტორიული არეალი და მისი კონკრეტული ნაგებობები, მათი ზომის, ფორმისა და ფუნქციის გათვალისწინებით, რეალურ სხეულს იძენენ და ვიზიტორებს კონკრეტული ობიექტების სივრცეში ამოცნობის ახლებური შესაძლებლობა ეძლევათ.
მოედნის ციფრულმა რეკონსტრუქციამ 11 ისტორიული ნაგებობა მოიცვა, ესენია:
1. კავკასიის სამხედრო კორპუსის შტაბი. 1824-1827 წლები. არქიტექტორი უცნობია.
2. იაკობ ზუბალაშვილის სახლი. XIX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარი. არქიტექტორი ჯუზეპე ბერნადაჩი.
3. „თამამშევის ქარვასლა" თეატრით. 1847-51 წლები. არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი.
4. სუმბათოვების სახლი, სასტუმრო „კავკაზი". XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი. არქიტექტორი უცნობია. 1876 წლის რეკონსტრუქციის არქიტექტორი იაკობ ალექსეევი.
5. ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახლი. 1851 წელი. არქიტექტორი უცნობია.
6. ივანე ზუბალაშვილის სახლი. სავარაუდოდ, 1858 წელი. არქიტექტორი უცნობია.
7. ხარაზოვების სახლი - „თბილისის ურთიერთსაკრედიტო საზოგადოების" შენობა. აშენების თარიღი და არქიტექტორი უცნობია.
8. „თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების" შენობა. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლო. არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
9. თბილისის საქალაქო სათათბიროს და გამგეობის შენობა. (ე.წ. „სკუდიერის სახლის" (1849-51 წწ.) რეკონსტრუქციის შემდგომი ნაგებობა). რეკონსტრუქციის წლები 1878-1884). რეკონსტრუქციის გეგმის ავტორი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი, ფასადის არქიტექტორი პაულ შტერნი.
10. კონსტანტინე ზუბალაშვილის სახლი. 1880-82 წლები. არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
11. სააფთიაქო საქონლით ვაჭრობის კავკასიის ამხანაგობის შენობა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი. არქიტექტორი უცნობია.
ციფრულად აღდგენილ ნაგებობებებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის მიერ დაპროექტებულ და 1851 წელს „ერივანსკის" მოედანზე აგებულ შენობებს - ქალაქის სათათბიროს (რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან რამდენჯერმე იცვალა სახე) და თამამშევის ქარვასლას, სადაც თბილისის პირველი საოპერო თეატრი იყო განთავსებული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარებული სამუშაოების მხოლოდ ერთ ნაწილს მოიცავს. მიმდინარე კვლევები საკმაოდ გრძელვადიანია და ფაქტობრივად, თბილისის ურბანული და არქიტექტურული იერსახის შესწავლის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. მომდევნო გამოცემებში, ბიბლიოგრაფიული და ვიზუალური კვლევების კვალდაკვალ, ეროვნული მუზეუმის მიერ ძველი ქალაქის კიდევ არაერთი ისტორიული არეალის ციფრული რეკონსტრუქცია იქნება წარმოდგენილი.
წიგნი-კატალოგი „XIX საუკუნის თბილისის ისტორიული არეალებისა და ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია, ნაწილი I, ერივანსკის მოედანი" გამოსაცემად მომზადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.