Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მირიან შველიძე რეტროსპექტივა

 18/12/2023

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ამა წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით პირველად უმასპინძლებს ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემოქმედის - მირიან შველიძის ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას.

კონცეპტუალური ხასიათის რეტროსპექტივა, სახელწოდებით “მირო” წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას: დაზგურ ფერწერას, კედლის მხატვრობასა და სცენოგრაფიას.

მირიან შველიძე პოსტმოდერნისტი მხატვარია - 1960-იანი წლების სხვა ქართველ სცენოგრაფებთან ერთად, მან ე.წ. მხატვრის თეატრი შექმნა, რომელშიც   სპექტაკლთა სახვითმა მხარემ სცენაზე დრამატულ ქმედებათა თანაბარი მნიშვნელობა შეიძინა.

შველიძის შემოქმედება რობერტ სტურუას თეატრთანაა დაკავშირებული. სიცოცხლის ბოლომდე ის რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მისი შექმნილია სცენოგრაფია სტურუას ისეთი საეტაპო დადგმებისთვის, როგორებიცაა რიჩარდ მესამე, მეფე ლირი, ჰამლეტი, კაცია ადამიანი?!, დარისპანის გასაჭირი და სხვ.

რუსთაველის თეატრის გარდა, შველიძე თანამშრომლობდა მარჯანიშვილის, გორის, თბილისის გრიბოედოვის რუსული და თავისუფალი თეატრის რეჟისორებთან და მათთან   ერთად  მრავალი დადგმა მხატვრულად გააფორმა.

მირიან შველიძის გამოფენა ეროვნული გალერეის პროექტია. ის პირველად ეწყობა თბილისის საგალერეო სივრცეში - წინა გამოფენებს რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და წინანდლის სამუზეუმო კომპლექსმა უმასპინძლა.

ექსპოზიცია გაიხსნება 22 დეკემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

გამოფენის კურატორი - მაია ჩიკვაიძე