Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები

 14/11/2020

ბოლნისის მუზეუმი

ბოლნისის ახალი მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.

მუზეუმში წარმოდგენილი მხატვრების - პაულ ფონ ფრანკენის, ჰელენე კიუბერ-ფრანკენის, რიჰარდ ზომერის, თეოდორ ჰორშელტის, ოსკარ შმერლინგის, ალექსანდრე ზალცმანის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის - ფერწერული და გრაფიკული სურათები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული გერმანელი ოსტატების უმნიშვნელოვანესი კოლექციის ერთი საინტერესო ნაწილია. 

საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთმანეთისგან სტილური თუ თემატური თვალსაზრისით სრულიად გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. კოლექცია არა მარტო მხატვრული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ სურათების უმეტესი ნაწილი იმდროინდელი კავკასიისა თუ საქართველოს სინამდვილეს ასახავს.

შემოქმედებითი ძიებისას, ჯერ კიდევ უცნობი კულტურული ტრადიციების აღმოჩენა-შეცნობის სურვილით, ამ მხატვართაგან ბევრი დასახლდა საქართველოში, ზოგიერთი ხანგრძლივი დროით ჩამოდიოდა სამუშაოდ, ნაწილი კი აქ იყო დაბადებული. მათი აქ დამკვიდრების მიზეზთა შორის უმნიშვნელოვანესია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ გარემოებათა გამო გერმანიაში შექმნილი მძიმე ვითარებისას თუ რელიგიური მოტივით რუსეთის იმპერიისგან მიღებული საინტერესო შეთავაზების საფუძველზე გერმანელთა გარკვეული ნაწილის გადმოსახლება საქართველოში. უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაარსდა გერმანელთა კოლონიები (მათ შორისაა 1818 წლიდან კატერინენფელდად წოდებული კოლონია (შემდგომ ლუქსემბურგი) თანამედროვე ბოლნისში).

ემიგრანტთა და სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელთა აქტიურ მოღვაწეობას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში კავკასიის მუზეუმის, პირველი აფთიაქისა თუ ლუდსახარშის გახსნა, ტელეგრაფის ხაზის გაყვანა, სასოფლო-სამეურნეო და კომერციული საქმიანობის განვითარება და ა. შ.; კოლონიებში საკუთარი ყოფის შესატყვისი და სრულიად გამორჩეული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. გერმანელმა ხუროთმოძღვრებმა და მშენებლებმა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები შექმნეს და, ზოგადად, მნიშვნელოვნად განსაზღვრეს თბილისის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბება. საქართველოში გერმანელ გეოლოგებს მათთვის უჩვეულო სამხრეთული ბუნება აინტერესებდათ და იკვლევდნენ მას; აქ მოღვაწე მხატვრებს კი აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა თავისებური სინთეზით შექმნილი ეგზოტიკური გარემო იზიდავდა, გარემო, რომელსაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არ ემჩნეოდა ბურჟუაზიული ცხოვრების კვალი.

მისამართი: ქალაქი ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა.