Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვასილი კანდინსკი – ,,მოხეტიალე რაინდი. გზა აბსტრაქციამდე’’

 17/03/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ვასილი კანდინსკის ნამუშევრები ,,სურათი წრით - პირველი უსაგნო' და ,,შავი შტრიხი' მილანის კულტურის მუზეუმში (MUDEC ) გამოიფინა.

გამოფენა ,,მოხეტიალე რაინდი. გზა აბსტრაქციამდე' მილანში 2017 წლის 15 მარტს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპოზიციაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებთან ერთად, რუსეთისა და სომხეთის მუზეუმში დაცული ნამუშევრებიც გამოიფინა. მათი დიდი ნაწილი იტალიაში პირველად არის წარმოდგენილი.

MUDEC-ის კონცეპტუალური თვალსაზრისით უპრეცედენტო გამოფენის მიზანია ვასილი კანდინსკის შემოქმედებაში ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის კავშირი დაგვანახოს, ხოლო მოგზაურობა - შემეცნებითი თავგადასავლის მეტაფორად წარმოგვიდგინოს. აბსტრაქციული ხელოვნების ფუძემდებელი ვასილი კანდინსკი ყველა ამ მიმართულებით ატარებდა ექსპერიმენტებს, რეალობას მეცნიერული თვალსაზრისით ჭვრეტდა, კვლევასა და მოგზაურობას კი არსებობის ძირითად გამოხატულებად მიიჩნევდა. 

მოსკოვში დაბადებული ვასილი კანდინსკი რუსი და გერმანელი მშობლებისა და აღმოსავლეთ ციმბირელი წინაპრების შთამომავალი იყო. კულტურული ოჯახის შვილმა ადრეულ ასაკშივე დაიწყო კლასიკური განათლების მიღება, სწავლობდა ხატვას, ფორტეპიანოსა და ჩელოზე დაკვრას. უნივერსიტეტში იგი სამართალს ეუფლებოდა, იჩენდა ინტერესს ეთნოგრაფიისადმი, რამდენადაც საკუთარი კულტურის ძირფესვიანად შესწავლა სურდა.

1889 წელს ჩრდილოეთ რუსეთში, ვოლოგდის გუბერნიაში გატარებული ერთი თვე, სადაც კანდინსკი კომა-ზირიის ხალხების რწმენა-წარმოდგენებსა და სისხლის სამართალს სწავლობდა, მისთვის ცოცხალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი გარდატეხის საფუძველი აღმოჩნდა. მან შეაგროვა და გამოსცა პოპულარული სიმღერები, შექმნა ჩანახატები, ამავდროულად, მუდმივად აკეთებდა ჩანაწერებს თავის სამოგზაურო დღიურში. ვოლოგდაში მხატვარს ხილვა ჰქონდა: ,,მათ ქოხებში მე პირველად წავაწყდი სასწაულს, რომელიც შემდგომ ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთ მხატვრულ საშუალებად იქცა. სწორედ აქ ვისწავლე, რომ დიდ სურათს გარედან კი არა, შიგნიდან უნდა შეხედო, უნდა გაცხადდე მასში. როცა შევაბიჯე ოთახში, სურათი თითქოს გარს შემომერტყა, მე აღმოვჩნდი სურათში".

გამოფენაზე პოპულარული კულტურის ნიმუშებთან ერთად, რომლებმაც მხატვარი შთააგონეს, მნახველი შეიცნობს ვასილი კანდინსკის ვიზუალური ფანტაზიის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესს ვიდრე 1921 წლამდე, როცა იგი საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და აღარასოდეს დაბრუნებულა რუსეთში.  

გამოფენის მიზანია, თუნდაც მულტიმედიური საშუალებების დახმარებით და მომხიბვლელი მოგზაურობით მხატვრის ვიზუალურ სამყაროში მნახველს მისცეს შესაძლებლობა, აღიქვას კანდინსკის შემოქმედების თავისებურება, მისეული სიმბოლოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. ვიზიტორს შეუძლია ,,შევიდეს" მის აბსტრაქციულ კომპოზიციებში და სრულად შეეთვისოს მათ. სწორედ ისე, როგორც მხატვარს თავად სურდა. საკუთარ წერილებში კანდინსკი წერდა: ,,წლების განმავლობაში მე ვცდილობდი და ვაიძულებდი დამთვალიერებელს თავდავიწყებამდე, თუნდაც გაუჩინარებამდე ეხეტიალა ჩემს სურათებში".

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ვასილი კანდინსკის ნამუშევრები ,,სურათი წრით - პირველი უსაგნო' (1911. ტილო, ზეთი. 139x111 სმ.) და ,,შავი შტრიხი' (1920. ტილო, ზეთი. 57x70 სმ.) გასულ წლებში არაერთხელ ყოფილა გამოფენილი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, მათ შორისაა პარიზის პომპიდუს ცენტრი, ნიუ-იორკის გუგენჰეიმი და ბრიუსელის სამეფო მუზეუმები.