- სიახლეები
- პრესრელიზები
პრესრელიზები
ვახტანგ VI-ის დროშა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიურ კოლექციებში დაცულია სხვადასხვა ექსპონატი, მათ შორის სახელმწიფო სიმბოლოები - დროშები და გერბები
წარმოგიდგენთ ვახტანგ VI-ის (1675-1737), ქართველთა მეფის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პოეტის, მთარგმნელის, ისტორიკოსის და მეცნიერის. დროშას, რომელიც შეკერილია მუქი შინდისფერი, თხელი გამჭვირვალე აბრეშუმის ნაჭრისგან და თარიღდება 1711 წლით. ზომა: 210x170 სმ.
ქსოვილი ორივე მხრიდან მოხატულია შავი და ოქროსფერი საღებავით. დროშის ერთ მხარეს მედალიონისებრ ჩარჩოში ჩახატულია ეპიზოდი „სვეტიცხოვლის აღმართვის” სცენიდან. კომპოზიციის შუა ნაწილი უჭირავს სვეტს, რომელიც ზევიდან ეშვება, მის ორივე მხარეს კი ანგელოზები არიან გამოსახულნი.
სვეტის ბაზისის მარცხნივ დგას მირიან მეფე სკიპტრით ხელში, მარჯვნივ - წმინდა ნინო. ბაზისის ქვემოთ გამოსახულია მუქი წითელი ფერის უფლის კვართი.
სვეტის აღმართვის კომპოზიციას შემოუყვება ასომთავრული წარწერა: „ქ. ხოლო კოართი იგი რომელი იყო უკერველ ზეით გამოქსოვილი ყოვლად“.
დროშის მთლიან კიდეს გარშემო შემოუყვება წარწერები: „საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა”; „აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა”; „არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე”; „სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.” ფსალმუნი: 34 ( 2-3); 30 (2).
დროშის მეორე მხარეს მედალიონისებურ ჩარჩოში ოქროსფერ ფონზე წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი დავით წინასწარმეტყველი, რომელიც ქნარზე უკრავს. ტახტის ორივე მხარეს კი ლომების გამოსახულებებია.
აქვე ვხედავთ ბაგრატიონთა გერბის სიმბოლოებს: სასწორი, სფერო, მწყემსის კვერთხი, შურდული, ხმალი, სკიპტრა. ცენტრალური კომპოზიციის მარცხენა და მარჯვენა მხარეს დატანილია მზისა და მთვარის სიმბოლური გამოსახულებები.
მედალიონს გარშემო შემოუყვება ასომთავრული წარწერა: „ისმინე ასულო და იხილე და მოხედე სხლსა მამისა შენისასა. დავით წინასწარმეტყველი“.
დროშის ოთხივე კიდეზე იკითხება შემდეგი წარწერები: „ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი”; „არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა”; „და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე. წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი”; „და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.” ფსალმუნი: 88 (21-26); 88 (28-30).
1922 წლის 9 სექტემბერს ვახტანგ VI-ის დროშა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და გადაეცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმს. დროშა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ავტორი:
ვაჟა მამიაშვილი, ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი;
ეკა ბერელაშვილი, ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის ასისტენტ-კურატორი.