-
- სიახლეები
- პრესრელიზები
პრესრელიზები
ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი (1910-1932)
გამოფენა წარმოგიდგენთ 1910-1932 წლების ქართულ მოდერნიზმს და თბილისურ ავანგარდს.
ეს ორი ათწლეული პოლიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებულია. 1910-იანი წლების პირველი ნახევარი იყო ერთგვარი მზადება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 1918-1921 წლები უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებია. სულ სამი წლის შემდეგ კი, 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად საქართველო დამოუკიდებლობას კარგავს. ის საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა ხდება თავისი დრამატული პოლიტიკური და კულტურული შედეგებით.
ამ ექსპოზიციაში დიდი დროის მონაკვეთის - 1910-1932 წლების მოდერნიზმისა და ავანგარდის ისტორიულად ფართოდ გაშლა არ მოხერხდებოდა; ნაკლებადაა წარმოდგენილი ამ ათწლეულების ისტორიული, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური ფონი - დოკუმენტური მასალა. ეს განაპირობა ერთ დარბაზში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების დატოვებამ. ამიტომ შესაძლებელი გახდა მასში მხოლოდ ერთგვარი ინტერვენცია, როგორც ამას ილიაზდი მელნიკოვასადმი მიძღვნილ ალბომში აკეთებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ამ კონკრეტული გამოფენის პერიოდში. და ჩვენც გადავწყვიტეთ, ფიროსმანაშვილის სივრცეში შევსულიყავით თბილისური ავანგარდის იმ წარმომადგენლების შემოქმედებით, რომლებმაც აღმოაჩინეს და ისტორიას დაუტოვეს ფიროსმანაშვილის შემოქმედება; თუმცა თავად მათი ხელოვნება 1930-იანი წლებიდან აიკრძალა, მათი გვარებიც კი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოიშალა და 70 წლის განმავლობაში მივიწყებას მიეცა.
ამიტომაც დავდექით არჩევანის წინაშე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ამჯერად ნამუშევრების ექსპოზიციისთვის მიგვეცა უპირატესობა, შეძლებისდაგვარად, გამოგვეფინა ბევრი ნამუშევარი - ნაცნობი და უცნობი ან ნაცნობი, მაგრამ საერთო მოდერნისტულ კონტექსტში ჯერ ვერმოხვედრილი, ამდენად, გვეჩვენებინა მრავამხრივობა და მრავალფეროვნება.
1910-იანი წლები, მიუხედავად მძიმე დროის, სიღარიბის, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების, მაინც იმედიანია, რამაც გაამართლა - ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. ესაა სიყმაწვილის და სილაღის პერიოდი, რომელმაც 1917 წლიდან არტისტული კაჶეების ეპოქა შექმნა თავისი პერმანენტული ხმაურიანი და უცნაური რიტორიკით. არტისტულ კაჶეებსა და, სხვათა შორის, დუქნებში მიდიოდა თბილისური მოდერნიზმის/ავანგარდის ცხოვრება; აქ იკრიბებოდნენ ფუტურისტები/დადაისტები, სიმბოლისტები, აკმეისტები, კუბო-ფუტურისტები, ზაუმნიკები - ყველანი ერთად... აქ იმართებოდა გამოფენები, კონცერტები, თეატრალიზებული და ლიტერატურული საღამოები, მსახიობების ბენეფისები. კაჶეები ექსპერიმენტულ ლაბორატორიებად იქცნენ.
1921 წელი კი დრამატულია არა მხოლოდ ქვეყნისთვის - ხელოვნება პოლიტიკური იდეოლოგიის ერთი მთავარი იარაღი ხდება. ასე რომ, ამ წლიდან საქართველოში მთავრდება სახელოვნებო, სალიტერატურო გარემოს სიყმაწვილის პერიოდი, რასაკვირველია, არტისტული კაჶეების ეპოქაც. ყველა კაჶე იხურება.
ამ ერთმანეთისგან განსხვავებული ათწლეულების მოდერნიზმისა და ავანგარდის ერთ საგამოფენო სივრცეში განთავსება უაღრესად განსხვავებული მასალით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენი, კურატორების, სურვილია საზოგადოებას, რაც შეიძლება ბევრი მასალა ვუჩვენოთ - ნაცნობი/უცნობი. ასევე მივიჩნევთ, რომ უნდა შეიქმნას დინამიკური საგამოფენო პროცესი, რათა XX საუკუნის დასაწყისის ქართულმა ისტორიულმა მოდერნიზმმა და თბილისურმა ავანგარდმა, ამ სრულიად გამორჩეულმა პერიოდმა ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში, ისევ არ გაიზიაროს საკუთარივე დრამატული, მეტიც, ტრაგიკული ბედი, გამოწვეული მისი მიუწვდომლობით, საცავებში შეხიზვნით, საზოგადოებისგან გაუცხოებით; დიდი ხნით არ ჩაიკეტოს სამუზეუმო ფონდებში. ძალიან ბევრი თაობა აღიზარდა საკუთარი უახლესი სახელოვნებო მემკვიდრეობის ნახვის/ცოდნის შესაძლებლობის გარეშე!
ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ის იმსახურებს მუდმივ, ამავე დროს, განახლებად ექსპოზიციებს სწორედ დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მუზეუმის ძირითად კოლექციებს.
რასაკვირველია, ეს მანამ, სანამ არ აღდგება ხელოვნების მუზეუმი და ქართული მოდერნიზმი/თბილისური ავანგარდი არ მოიპოვებს მასში თავის სტაციონარულ საექსპოზიციო სივრცეს.
გამოფენისთვის მივმართეთ ასიმეტრიული ექსპოზიციის პრინციპს. და, რაც მთავარია, გამოვიყენეთ დიმიტრი შევარდნაძის მიერ ამ სივრცეში 1919-1920 წლებში გამართული პირველი გამოფენების მოწყობის მეთოდი, რომლის ფოტომასალა ჩართულია ჩვენს ექსპოზიციაში, ასევე მოდერნისტული და ავანგარდული ხელოვნების თანადროული გამოფენების მოწყობის მეთოდოლოგია.
წარმოდგენილი მხატვრები: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინე შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე ზალცმანი, დიმიტრი კვირიკაშვილი, იოსებ შარლემანი, ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, კლარა კვესი, ალექსეი კრუჩონიხი, იოსებ გაბაშვილი, ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, სერგეი გოროდეცკი, კოლაუ ჩერნიავსკი, რენე შმერლინგი, მიხეილ ჭიაურელი, სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, თამარ თავაძე, ოლღა კონიაშვილი, ვოლდემარ ბობერმანი.
კურატორები: ნანა ყიფიანი, ნანა შერვაშიძე
თანაკურატორი: მარიამ დვალი
გამოფენის გახსნა - 25 თებერვალი, 2022 |16:00
გამოფენის ხანგრძლივობა - 25.02. 2022 - 20.04.2022
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.



