- სიახლეები
- პრესრელიზები
პრესრელიზები
გოგი ჩაგელიშვილის ფერწერული შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის ფერწერულ შემოქმედებას XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე.
„ჩაკეტილი სივრცე, დროდადრო შეიღებოდა კარი, დასავლეთიდან შემოფრინდებოდა ინფორმაცია, რომელიც ჩაკეტილი სივრცის ცენტრიდან იწყებოდა და პერიფერიებამდე მიიფრენდა. კარი იკეტებოდა, გამოკეტილები თავისუფალი ქვეყნებიდან გაგონილს შემოქმედებაში იმ დოზით იყენებდნენ, სახელმწიფოს ცენზურას რომ არ გასცდენოდა. გაიხსნა რკინის ფარდა, გარეთ გავცვივდით. იქ სხვა ღირებულებები იგრძნობა... ცდილობ დაკარგული დროის დაბრუნებას. ჩაკეტილ სივრცეში გატარებული ორმოცდახუთი წელი უკან მოგდევს“, - ამბობს მხატვარი გოგი ჩაგელიშვილი და თავისი შემოქმედების მთავარი მიმართულების - ფერწერის რეტროსპექტულ გამოფენას გვთავაზობს სახელწოდებით - სოც-არტიდან დღემდე.
გოგი ჩაგელიშვილი 1944 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა: მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის დარგებში, ქმნის აბსტრაქციებს, კოლაჟებს, ობიექტებს, ინსტალაციებს…რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორიცაა.
ჩაგელა - ამ სახელით დამკვიდრდა... როგორც ყველა გამორჩეული ხელოვანი, ის ერთდროულად მხატვართა თავისი თაობის წარმომადგენელიცაა და ცალკე მდგომი შემოქმედიც. ჩაგელას ნამუშევრებს თან სდევს „ხელოვნების საიდუმლოს“ ხიბლი. მხატვრის მიერ განცდილი სამყარო განზოგადოებულ სახე-ხატებად ტრანსფორმირდება განსხვავებული დარგის, ჟანრისა თუ მრავალგვარი შერეული მასალისგან შექმნილ ნამუშევრებში... სხვადასხვაგვარია განზოგადოების ხარისხი, მხატვრული ტრანსფორმაციის ფორმა... როგორც წესი ძლიერია ცოცხალი გამომსახველობა.
გოგი ჩაგელიშვილს საკუთარი ხელწერა და მყარად დამკვიდრებული ადგილი აქვს ქართულ არტსივრცეში.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის მრავალი პერსონალური გამოფენა შედგა თბილისსა და სხვა ქალაქებში-მოსკოვში, ანკარაში, ნიმში, დიუსელდორფში, მონრეალში, ქრაისჩერჩსა და ნიუ-ორკში. ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.
გამოფენის გახსნა -16.06.2022 / 17.00 საათზე/
მასშტაბური, რეტროსპექტიული ხასიათის ექსპოზიცია განთავსდება ეროვნული გალერის 2 სართულზე, 6 დარბაზში ( მე-2 სართულის 2 დარბაზში ნიკო ფიროსმანაშვილის პერმანენტული გამოფენაა). გოგი ჩაგელიშვილის გამოფენა გაგრძელდება ამა წლის 6 ივლისის ჩათვლით.