-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
„რადიშ თორდია - 90“
05/10/2026
2026 წლის 9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა „რადიშ თორდია - 90“.
რადიშ თორდია XX საუკუნის 60-იანი წლების შემოქმედთა თაობის - ე.წ. სამოციანელების თაობას წარმოადგენს. თაობას, რომელმაც დაარღვია საბჭოთა სოცრეალიზმისთვის სავალდებულო, ერთფეროვანი ჩარჩოები და მხატვრობაში ესთეტიკური გადატრიალება მოახდინა. შეიცვალა მხატვრის დამოკიდებულება რეალობისადმი: იდეოლოგიურად განსაზღვრული სიუჟეტის ნაცვლად, წინ წამოიწია ინდივიდუალურმა ხედვამ, ფერწერული საწყისის დამოუკიდებელმა ღირებულებამ და ეროვნული კულტურული მეხსიერების თანამედროვე მხატვრულ ენაზე ამეტყველების სურვილმა. ამ პროცესში რადიშ თორდიას შემოქმედება ინდივიდუალიზმით ნიშანდასმულ მნიშვნელოვან მოვლენად იკვეთება.
რ. თორდიამ 1956 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1962 წელს კი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (პედაგოგები ვ. შუხაევი, უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე). მისი მხატვრული აზროვნების განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი ს. ქობულაძის სახელოსნოში მიღებულმა გამოცდილებამ ითამაშა.
მხატვრის ადრეული პერიოდის შემოქმედება კლასიკური კომპოზიციური სტრუქტურით გამოირჩევა. მასში მკაფიოდ ჩანს ევროპული აკადემიური ფერწერისა და შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის თავისებური სინთეზი: ბაბუაწვერა (პირველი ვერსია 1968), დედის პორტრეტი, არქეოლოგები (1969) და სხვ.
1970-იანი წლებიდან რადიშ თორდიას შემოქმედებაში აშკარა ტრანსფორმაცია იწყება. მხატვარი ნაწილობრივ უარს ამბობს უტრირებულ ფორმებსა და ეპიკურ სიუჟეტებზე და იწყებს კამერული ნამუშევრების შექმნას. მისი ძირითადი ამოცანა ახლა უკვე წმინდად ფერწერული ძიებანია - ხაზოვან საწყისს ფერის სიმბოლიკა და ფერწერული ექსპერიმენტები ენაცვლება. სწორედ ამ მხატვრულ-ესთეტიკურ ძიებებში იბადება რადიშ თორდიას შემოქმედების უმთავრესი თემა - ქალის სახე, სადაც სინატიფე, სხეულებრივი და სულიერი მშვენიერება ფერწერული პლასტიკის ენით ერთიანდება. 1970-იანი წლების ბოლოს რ. თორდია ქმნის მონუმენტურ ნამუშევარს: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მოზაიკურ პანოებს.
რ. თორდიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში და მოპოვებული აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო და პრემია. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების, აჭარის ხელოვნებისა და სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში,
მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, კიოლნის ლუდვიგის მუზეუმში, სარდინიის სამხატვრო აკადემიაში, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი რ. თორდიას საიუბილეო გამოფენა მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის ერთგვარი შეჯამებაა, სადაც იკვეთება მხატვრისეული ხედვის უწყვეტობა - საკუთარი მხატვრული ენის მუდმივი განახლებადა, ამავე დროს, თავისი შემოქმედებითი პრინციპების ერთგულება.
გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.



