Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დიმიტრი შევარდნაძე – 140

 15/05/2026

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძე – 140

2026 წლის 14 მაისს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის, დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო  გამოფენა. ექსპოზიცია წარმოადგენს იმ შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქართული იდენტობის გადარჩენასა და კულტურის ინსტიტუციურ მშენებლობას შესწირა. მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის უმთავრეს სახელოვნებო საყრდენებს: ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას (1916), ეროვნულ გალერეას (1920), სამხატვრო აკადემიას (1922), მუზეუმ „მეტეხს“ (1933). დიმიტრი შევარდნაძემ შექმნა კულტურული სახელმწიფოებრიობის ავტონომიური მოდელი, სადაც განათლება, ექსპონირება და კონსერვაცია ურთიერთგამაძლიერებელ პროცესებად უნდა ქცეულიყო.

გამოფენა დამთვალიერებლის წინაშე წარმოაჩენს დიმიტრი შევარდნაძის მემკვიდრეობას, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო  მუზეუმის ფონდებშია დაცული. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ჭიათურის ტაძრის კანკელის 11 ესკიზი (1912–1914), რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ლილვაკზე დახვეული ინახებოდა და ფუნდამენტური რესტავრაციის შედეგად დაუბრუნდა საგამოფენო სივრცეს. საგანგებოდ ამ საიუბილეო თარიღისთვის რესტავრირდა გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალებიც, რომელთა გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იფინება.

პროექტი მულტიდისციპლინურია (სულ 76 ექსპონატი) და მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, კინოსა და თეატრის მხატვრობას, ფრესკათა ასლებსა და საარქივო დოკუმენტებს: გალერეის დაარსების დეკრეტს, ფიროსმანის, კრანახისა თუ კაკაბაძის ნამუშევრების შეძენის საბუთებსა და თავად დიმიტრი შევარდნაძის მიერ ხელმოწერილ, 1928 წლის მოხსენებას თანადროული ქართული ხელოვნების შესახებ.

გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 14 ივნისამდე