-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში
13/03/2026
პერიოდი: 19 მარტი - 26 აპრილი
გახსნა: 19 მარტი, 18:00 საათი
ნუგზარ მეძმარიაშვილი (1945) იმ ხელოვანთა შორისაა, რომელთა შემოქმედებითი გზა ეპოქათა ცვლილებას ასახავს: მონუმენტალისტი 1970-იან წლებში, ის უკვე ოცდაათ წელზე მეტია ციფრულ გრაფიკასა და ფერწერაში მუშაობს.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა (1970) სადიპლომო ნამუშევრით დაიმკვიდრა თავი ქართული მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვან ფიგურად. მისი პანო „პრომეთე“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკისთვის შეიქმნა და იმ პერიოდის ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტად იქცა.
1970/80-იან წლებში მეძმარიაშვილი მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში (ბუდაპეშტი, მოსკოვი, პარიზი, მიუნხენი), ასრულებდა სახელმწიფო შეკვეთებს (სპორტკომპლექს „ქარიშხალას“ მონუმენტური პანო, გობელენის ესკიზი ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისთვის და სხვა), ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი (1982/87), შემდეგ - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. 1990-იან წლებში მან ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში ციფრულ მედიუმში დაიწყო ხატვა. კომპიუტერული გრაფიკა და ფერწერა მისთვის გახდა ახალი შემოქმედებითი სივრცე და შესაძლებლობა მონუმენტური გამოცდილება ეკრანის ფორმატში გადმოეტანა.
თბილისი მხატვრის ციფრული შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამასთან ერთად, იგი ქმნის ექსპერიმენტულ აბტსტრაქციებს, პორტრეტებსა და ნატურმორტებს, სადაც ციფრული ფერი, ფაქტურა და სინათლე ახალ ვიზუალურ ენას აყალიბებს.



