Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

„გრაფიკაში შემონახული თბილისი“

 26/12/2025

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 29 მარტის ჩათვლით, წარმოგიდგენთ გამოფენას „გრაფიკაში შემონახული თბილისი“.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი 1910 წელს დაარსდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, მუზეუმში თავი მოიყარა მრავალრიცხოვანმა კოლექციებმა. მათ შორის აღსანიშნავია სახვითი ხელოვნების  ფონდში დაცული  გრაფიკულ ნამუშევრების კოლექცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, ან მივიწყებულია.

პროექტი „გრაფიკაში შემონახული თბილისი“ სწორედ ასეთი ნამუშევრების ჩვენებას ისახავს მიზნად. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი  და უცხოელი მხატვრების დავით გველესიანის, დავით კაკაბაძის, ბარბარე (ვარვარა) ბებუთოვა-გაბუნიას, დიმიტრი კვირიკაშვილის, ვლადიმერ ცაგარელის, აპოლონ ქუთათელაძის, ნიკოლოზ (ნორდმან) სევეროვის, გრიგოლ გაგარინის და იოჰან როთის  გრაფიკული ნამუშევრები.

1930-იანი წლებიდან თბილისში დაწყებულ რეკონსტრუქციას  არაერთი ისტორიული შენობა-ნაგებობა ემსხვერპლა. გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედების შთაგონების წყარო სწორედ ეს ძველი თბილისია, სადაც ნათლად არის ასახული იმ პერიოდის თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სახე ბანიანი, აივნიანი და შუშაბანდიანი სახლებით, ვიწრო შუკებით, სალოცავებით, აღმოსავლური და დასავლური ინტეგრალურად განსხვავებული კულტურის ერთიან სივრცეში თანაარსებობით.

მაღალმხატვრული ღირებულების გარდა, ამ მხატვართა შემოქმედებას აქვს მნიშვნელოვანი შემეცნებითი და ისტორიული დატვირთვა, რადგანაც სწორედ მათ შემოუნახეს მომავალ თაობებს ძველი თბილისის კოლორიტული იერსახე.

გამოფენის გახსნა: 2025 წლის 29 დეკემბერი 16:00 სთ.

მისამართი:  სიონის ქ. 8