Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკის რეტროსპექტული გამოფენა

 15/12/2025

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 19 დეკემბრიდან 2026 წლის 1 თებერვლის ჩათვლით მხატვარ ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს.

ვლადიმერ კანდელაკი 1970-იანი წლების ქართველი მხატვრების თაობის გამორჩეული წარმომადგენელი. მისი შემოქმედება თემატური და სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეტროსპექტული ხასიათის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი მოღვაწეობის თითქმის ყველა პერიოდი: როგორც ნონკონფორმისტული ხასიათის ასამბლაჟები და კოლაჟები, ასევე სიურეალისტური კომპოზიციები, ეროვნულ-ისტორიული სიუჟეტები - საქართველოს მთის ეპოსი და თბილისური მოტივები.

ვლადიმერ კანდელაკის როგორც ნონკონფორმისტი მხატვრის ჩამოყალიბება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. სარკაზმითა და იუმორით აღსავსე ობიექტებში ხელოვანი ასახავს საბჭოთა რეალობას კომიკურობამდე მისული პროპაგანდისტული ნარატივით.

ვლადიმერ კანდელაკი დაიბადა ქ.თბილისში 1943 წლს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია; 1969 -1990 წლებში იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი; 1990 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება; 1993 წელს გახდა იუნესკოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი; 1999 ელს - თბილისის სამხატვრო აკადემიის დამსახურებული პროფესორი; 2003 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1970-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად იფინებოდა საქართველოს მუზეუმებსა და კერძო გალერეებში, ხოლო 1990-იანი წლებიდან მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო აშშ -ში (ვაშინგტონი, ფილადელფია, ატლანტა, ნიუ-იორკი), პოლონეთში, ფინეთსა და რუსეთში.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებში: საქართველოს ეროვნული მუზეუმ, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმ (თბილისი); ზიმერლის ხელოვნების მუზეუმ (ნიუ ჯერსი, აშშ); კრემონას ფონდ (მერილენდი, აშშ); ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმ (მოსკოვი,რუსეთი); აგრეთვე საბჭოთა და ნონკონფორმისტული ხელოვნების ცნობილი მკვლევარისა და კოლექციონერ ნორტონ დოჯისა და სხვათა კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნა - 19 დეკემბერს, 18.00 საათზე.