Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეროვნული გალერეა ნინო ლორთქიფანიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

 11/08/2024

ეროვნული გალერეა

ეროვნული გალერეა ნინო ლორთქიფანიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს  ეროვნული გალერეა სიურეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ეტაპს მოიცავს. ნინო ლორთქიფანიძის ამ მასშტაბის რეტროსპექტული გამოფენა საქართველოში პირველად გაიმართება.

 

ნინო ლორთქიფანიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა.  მისი პედაგოგები იყვნენ: არქიტექტორები - არჩილ ქურდიანი, ივანე ჩხენკელი, ტონი კალანდარიშვილი; მხატვრები - სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, ვასილ   შუხაევი. მან სწავლა გააგრძელა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1969), შემდეგ კი - ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც ფინელი სიურეალისტი მხატვრის, იუჰანი ლინოვაარას, მოწაფე იყო. 1972-1976 - მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ გიპროთეატრში. 1980-90 წლებში სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორი იყო. 

 

ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში საგრძნობია არქიტექტორის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა, გეომეტრიული კანონების რღვევა, უჩვეულო რაკურსები, სარკისებური  სიბრტყეები. მის ნაწარმოებებში პრევალირებს პეიზაჟი, ნატიურმორტი, კომპოზიციები, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალური ფორმის აღქმას და გადმოსცემს შინაგანი  სამყაროს  განცდებსა და  ირაციონალურ განწყობას. 

 

მხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ავსტრია, თურქეთი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში, კერძო კოლექციებში.

 

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ ფარგლებში 2023 წელს  ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი გამოიცა. 

 

გამოფენა 15 აგვისტოს, 18:00 საათზე, გაიხსნება და  2024 წლის 30 აგვისტომდე გასტანს.

 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი #11.