Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა „რუბიკონი"

 13/07/2024

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა „რუბიკონს“ უმასპინძლებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში გაიმართება ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა „რუბიკონი“. გამოფენის ორგანიზატორია გალერეა „ვანდა“.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ვახტანგ მუსხელიშვილი (ვახო მუსხელი)  დაიბადა 1957 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა, ხოლო 90-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც, 30 წელია, ცხოვრობს. ამჟამად ვახო მუსხელი სიეტლში საქმიანობს. დღეს ის აღიარებული მხატვარია ამერიკაშიც და თავის სამშობლოშიც. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.

შემოქმედის მხატვრული ხედვა ყოველთვის განსხვავებულია. ის განსხვავებულად აღიქვამს საგნებსა და მოვლენებს. მის შემოქმედებაში ყველა თემა, რომლებსაც ეხება, სათავეს რეალობიდან იღებს. ყველაფერი, რაც  ტილოებზე აისახება, მხატვრის პირადი განცდა და განცდილის ილუსტრაციაა. ტილოსთან ურთიერთობა მუსხელისთვის მთელ სამყაროსთან ურთიერთობის ტოლფასია. მისთვის თითოეული ნახატი ცალკეული სიტყვაა ერთი ამბისა, რომელსაც იგი სამყაროს შესახებ გვიამბობს.

ვახო მუსხელს განსაკუთრებით აინტერესებს „სამგანზომილებიანი სამყაროს ილუზიებისა და ტილოს სიბრტყობრიობის კვლევების გამოწვევები, სამყაროებს შორის შუამავალი, სამყაროთაშორისი განცდის მისაღებად. სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრები მონუმენტურობით  გამოირჩევა. მხატვრის გამომსახველობითი ენა, რომელიც ადამიანურ და ცხოველურ ფორმებს ემყარება, თვით ავტორის თქმით, არის ფანტასტიკური რეალიზმი პერსონალური სიმბოლიზმის ძლიერი  ელემენტებით“ (ვანდა მუჯირი).

„მხატვარი - ეს არის ტიტული, რომელიც მხოლოდ დრომ უნდა მოგანიჭოს და არა - ვინმემ, დრომ, რომელიც სავსე უნდა იყოს შრომით და ახლის ძიებით, – ამბობს ვახტანგ მუსხელიშვილი, - რა არის ჩემი თემატიკის ძირითადი იმპულსი? ადამიანი და გარემო - რა არის ადამიანის ფუნქცია მის გარშემო არსებულ ცვალებად სამყაროში და როგორ იცვლება მისი ფსიქიკა გარემოს ცვლილებების პარალელურად; ადამიანის ფიზიკური ეგზისტენციის დროებითობის განცდა და აგნოსტიციზმი, ასევე, მისი სიჯიუტე – ყველაზე ღრმა ფსკერზე დაცემა, ბრძოლის სურვილი და უკან ამოცოცების პოტენციალი; ადამიანის სხეული, განსაკუთრებით კი - მისი დინამიკა, როგორც სამყაროს ნარატივი. სწორედ ადამიანის მოძრაობას შეუძლია გასცეს პასუხი მარადიულ, პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებსაც დასასრული არ უჩანს. ადამიანის სხეულია, სადაც სუფევს მთელი სამყაროს შემეცნების მისტერია, მარტოობის მისტიკა და თავისუფალი გონების არჩევანი.

ყოველი, თითქოსდა უმნიშვნელო ჟესტიკულაცია ან მიმიკა არის ვრცელი და რთული წინადადების ერთი სიტყვა. ჩვენი არჩევანია, ამ სიტყვებისგან როგორ წინადადებებს, შემდეგ კი როგორ ისტორიას შევთხზავთ და მოვყვებით.

ადრე თუ გვიან ყველა, როგორც ოდესღაც კეისარი, აღმოჩნდება მდინარის პირას, სადაც უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელსაც  შეუძლია უმეცრებით შვას ურჩხული, ან მთელი სამყაროს სიკეთე ჩაიტიოს პეშვში. ყველას თავისი რუბიკონი აქვს გადასალახავი.“

გამოფენა 19 ივლისის 18:00 საათზე გაიხსნება და 11 აგვისტომდე გასტანს.

 

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №11.