- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
სოფიო ჩერქეზიშვილის გამოფენა - „და მერე მან თქვა, ალბათ“
03/07/2024
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის გამოფენას - „და მერე მან თქვა, ალბათ“
ამ ისტორიას ვუძღვნი ხეებს, რომლებიც ვიცი, რომ დაფრინავენ, ხიდებსა და ლაბირინთებს, რომლებსაც ვიცი, რომ ავაშენებ, ზღაპრებს, რომლებსაც ვიცი, რომ დავიჯერებ და ზარებს, რომლებსაც, ალბათ, გავიგონებ, - ასე განმარტავს მხატვარი გამოფენის ძირითად ჩანაფიქრსა და კონსტრუქციულ პრინციპს. 28 ფერწერული ნამუშევრის გარდა, გამოფენის შემადგენელი ნაწილია ინსტალაცია - ხეებმა იციან მხარში დგომა.
სოფიო ჩერქეზიშვილი დაიბადა 1971 წელს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სოფიო ჩერქეზიშვილი პირველია იმ ხელოვანთაგან, ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სასწავლებლად დასავლეთში გაემგზავრნენ. იგი ოთხი წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ხელოვნების სფეროში აქტიური მუშაობა. ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა (1999-2006) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (2010-2018) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2006 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორია.
2000 წლიდან სოფიო ჩერქეზიშვილი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა თუ პროექტში. ძირითადად კი, ის მუშაობს საკუთარ პროექტებზე, რომლებსაც გამორჩეული და ცნობადი სტილი აქვს. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: „რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი|“; „ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება“; „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“; „თუ დაგჭირდება, გემებიც ჩერდებიან“. ამ სერიებში მხატვარი შეისწავლის თავის გამოგონილ, სხვა მეს. გვთავაზობს მისეულ ესთეტიკურ ფორმებს, გზავნილებს, მისი სურათ-ხატებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.
სოფიო ჩერქეზიშვილმა გაიაზრა მხატვრის თავისუფალი ნება, როგორც მეტაფიზიკური, სულიერი ფენომენი. ის ყოველ ჯერზე უბრუნდება გარკვეული სახით უკვე აღქმულსა თუ განცდილს, მასზე ყურადღების კონცენტრაციისთვის, რათა აქციოს ის რეფლექსიის ობიექტად.
გამოფენა 14 ივლისის ჩათვლით გასტანს.