Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა „დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება

 09/08/2023

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა „დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება
საქართველო ცოლ-ქმარ ფლორენსკების შემოქმედებითი ტანდემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და გამოფენაზეც საქართველოზე შექმნილი სერიები იქნება წარმოდგენილი: ნაივური სტილით გამოსახული თბილისისა და ბათუმის ხედები, ქართველ მეგობართა პორტრეტები, ქართული ანბანის სერიები და ძველთბილისური დუქნის აბრათა რემინისცენციები.
ალექსანდრ ფლორენსკის წინაპრები წარმოშობით საქართველოდან იყვნენ. პაპა - ანდრეი ფლორენსკი და მისი ძმა - ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი თბილისში დაიბადნენ. დიდი პაპაც - სამოქალაქო ინჟინერი ალექსანდრ ფლორენსკი თბილისში დაიბადა და ზედამხედველობას უწევდა გზებისა და ხიდების მშენებლობას. მისი პირველი პროექტი ბათუმ-ახალციხის გზა იყო.
ალექსანდრ ფლორენსკი - ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, 1960 წელს ლენინგრადში (ამჟამად პეტერბურგი), მხატვრების ოჯახში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება „Митьки“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.) და პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.).
1997-2005 წლებში იყო გალერეა „Митьки – ВХУТЕМАС“-ის კურატორი. ამას გარდა, მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელად სახელმწიფო მუზეუმში (ცარსკოე სელოს კოლექცია, რუსეთი).
ალექსანდრ ფლორენსკი კოლექციონერიც არის - აგროვებს ქართველი და რუსი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს. მეუღლე ოლგა ფლორენსკაიასთან ერთად განახორციელა არაერთი სახელოვნებო და საგამომცემლო პროექტი. ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევართა ექსპოზიციებს სხვადასხვა დროს მრავალი კერძო გალერეა და სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობდა. მათ შორისაა: „Totibadze Gallery“ (არტ-ცენტრი „ВИНЗАВОД“ , მოსკოვი), სახელმწიფო რუსული მუზეუმი (პეტერბურგი), ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი) და ერმიტაჟი (პეტერბურგი). ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში.

ოლგა ფლორენსკაია (დ. 1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება.

მეუღლესთან, ალექსანდრ ფლორენსკისთან, ერთად არის ჯგუფ „Митьки“-ს შექმნის ერთ-ერთი მოთავე (1985) და პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური შემოქმედებითი პროექტი. მათ შორის, ანიმაციური ფილმები: „ყველაზე დიდი ამბავი“ და „ნაალაფარი ფილმები“. მიღებული აქვს რუსეთში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალი ჯილდო. ოლგა ფლორენსკაიამ სახელი გაითქვა ქაღალდისა და ქსოვილისგან შექმნილი კოლაჟებით.

მის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ როგორც კერძო გალერეები, ასევე სახელმწიფო მუზეუმები. მათ შორის: ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის მუზეუმი (პეტერბურგი), „Gallerie Vallois Sculpture“ (პარიზი), „OAT gallery“ (თბილისი) და „Totibadze Gallery“ (მოსკოვი). მისი ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ლონდონის „VICTORIA & ALBERT“-ისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში.

მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს პეტერბურგსა და თბილისში.
გამოფენა გაიხსნება 10 აგვისტოს, 18:00 საათზე და 9 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. ექსპოზიციის მხარდამჭერია „LICHT Gallery“.