Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტული გამოფენა

 09/08/2023

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტული გამოფენა.

ბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში 1961 წელს. ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლისა და სანკტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს. საქართველოში მისი პერსონალური გამოფენა პირველად იმართება.

ბადრი ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს, როგორც მედიუმს. ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს საკუთარ ტილოებსა და ინსტალაციებთან ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს. შედეგად, ნამუშევრები იძენს შინაარსობრივად საინტერესო სხეულებრივ სიმკვრივეს. მეორე მხრივ, ტექსტილის სახასიათო გამომსახველობა თითქოს განაპირობებს მხატვრის შემოქმედების ალეგორიულობას. ბადრი ლომსიანიძის ნამუშევრებში ხელშესახებია ერთგვარი ბალანსი ექსპრესიონიზმსა და კლასიკური ფორმების დახვეწილობას შორის. უპირველესი მხატვრისთვის ვიზუალური და სენსორული სიამოვნებაა: გამჭვირვალობა, რბილ ფერთა პალიტრა და ქსოვილთა მეტყველება. არაერთგვაროვანი რესურსების გამოყენება მის შემოქმედებას ანიჭებს ინდივიდუალურ, განსხვავებულ ხასიათს, გამორჩეულს თავისი მრავალმხრივობითა და ტექნიკით.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში, კერძოდ: ოკლაჰომის (აშშ) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიუ ჯერსის (აშშ) ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, AC ფონდში, სალამანკის (ესპანეთი) მუზეუმში, ბუენოს აირესის (არგენტინა) გრავიურის ეროვნულ მუზეუმში, მადრიდის (ესპანეთი) თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ მუზეუმში, მადრიდის საზოგადოებაში, მაკკინსის კოლექციაში, Christie's-ის კოლექციაში (ლონდონი), გამომცემლობა Springer-ში (გერმანია).

გამოფენა გაიხსნება 9 აგვისტოს 18:00 საათზე და გაგრძელდება 2023 წლის 9 სექტემბრამდე.