- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
გელა პატიაშვილი პერსონალურ გამოფენა „ჩვენ - გადარჩენილები“
10/05/2023
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენას „ჩვენ - გადარჩენილები“.
ხელოვანის შემოქმედებითი საქმიანობა მეტწილად საფრანგეთს უკავშირდება. გელა პატიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მერე კი მის პროფესიად ხატვა იქცა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული. მხატვარმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. პარიზის სტუდიებში (Saban Entertainment, Gaumont Animation, Fargo Studio, Millimages) მონაწილეობდა ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შექმნაში, საქმიანობდა სარეკლამო სფეროსა და კინემატოგრაფში. მხატვარმა რამდენიმე ათეულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თხუთმეტამდე პერსონალური გამოფენა გამართა. 2018 წლიდან ის კვლავ საქართველოშია. ასწავლის ანიმაციურ კინოხელოვნებას ორ უნივერსიტეტში, აქტიურად მონაწილეობს მხატვრულ პროექტებში; გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.
საგამოფენო პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებში კი ის უფრო აქტუალური გახდა. გამოფენის თემა უნივერსალურია. ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და ნოესთვის მინიჭებულ იმ უფლება-მოვალეობებს გულისხმობს, რომლებსაც ბიბლიურ კონტექსტში განმარტება არ სჭირდება. კიდობანში ერთხელ უკვე მოხვედრილთა გენეტიკური კოდის მატარებლები კვლავ კიდობნის შასასვლელთან ვდგავართ გადარჩენის იმედით. რომელი გენეტიკური კოდი შეეწირება კლიმატურ ცვლილებებსა და მოვლენილ ეპიდემიებს, როგორ გადაწყვეტს მათ ბედს უფალი და როგორ გადაწყვეტენ ისინი - კოდები, თავიანთ ბედს? ეს გენეტიკური კოდების გადარჩენის ისტორიაა. გამოფენაზე, ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია მხატვრის მიერ აწყობილი საგამოფენო ობიექტი.
გამოფენა გაიხსნება და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება 14 მაისს, 17:00 საათზე.
კურატორი - ქეთევან კორძახია.