- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
გურამ ხიტა ქუთათელაძე „ლანდშაფტის მაგია“
25/04/2023
ეროვნული გალერეა გურამ ქუთათელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
2023 წლის 23 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გურამ (ხიტა) ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა „ლანდშაფტის მაგია“ და გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგანიზატორი - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და ბაია გალერეა; კურატორი ბაია წიქორიძე გახლავთ. გამოფენაზე ეროვნული მუზეუმის ფონდიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან მხატვრის 35 ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ექსპოზიცია - „გურამ (ხიტა) ქუთათელაძე. ლანდშაფტის მაგია“ - ერთი მხატვრის საგამოფენო პროექტის საშუალებით XX საუკუნის ქართული კულტურის იმ მოდელს წარმოგვიდგენს, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში ქართული მხატვრობის პროგრესულ პოზიციასა და საერთაშორისო კულტურასთან ზიარების სურვილს გამოხატავს. სოცრეალიზმის მიერ 1930-იან წლებში ძალისმიერად შეწყვეტილ ავანგარდისა და მოდერნიზმის იდეებს ხიტა ქუთათელაძე ახალი ფორმით ისევ აბრუნებს ქართულ მხატვრობაში და საბჭოთა იდეოლოგიის ჩაკეტილ სისტემას ახალი ტიპის მსოფლმხედველობით ეწინააღმდეგება.
ხიტა ქუთათელაძის შემოქმედების „ხატი“ თავიდანვე ჩამოყალიბდა: ლანდშაფტური მოდელი - დიდი პეიზაჟური სივრცეები გრანდიოზული მთებით, შემოდგომის მეწამულ-ყვითელი მინდვრებით, აგვისტოს ხვატით გადამწვარ მდელოებზე „მიგდებული“ სოფლებით, ნიადაგის მწვანე ხალიჩებით, ფხვიერი მიწითა და ხეების ოქროსფერი ფარდაგებით, ქალაქის ფრაგმენტებით ხეების ხლართში. და ეს სამოთხის მსგავსი სამყარო - საქართველოა; მისთვის სრულყოფილების მოდელი, რომლის შესაქმნელად ყველა მხატვრულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს: ფერს, ფორმას, ხაზს, ლაქას, სინათლეს, განწყობას. მთავარი მაინც ფერია, რომელიც სინათლის ძლიერი ჭავლით არის მოცული; ფერების „ჩანჩქერით“ მხატვარი ქმნის ფორმას, გამოსახულებას, ენერგიას, ემოციას, პოზიციას. ფერის მანიფესტაცია, ფერის კაშკაში, ფერის რესურსი გამოვლენილია ფერწერის ყველაზე აქტიური და გაბედული სპექტრით. ამ ურთულესი ფერწერული კომბინაციების ფლობა და მათი საშუალებით მანევრირება მხატვრის მთავარი იარაღია.
დღეს, სამყაროში მიმდინარე გამძაფრებული ეგზისტენციალური მღელვარებების ფონზე, ომის, ნგრევისა და დესტრუქციის გარემოცვაში, რომელიც ჩვენთან ტერიტორიულად თუ ემოციურად ძალიან ახლოა და ჩვენს ყოველდღიურ განცდებზე მძაფრად მოქმედებს, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს სამყაროს ჰარმონიული „ხატების“ პრეზენტა- ცია, რომელიც ერთი შეხედვით პეიზაჟურ სახეს ატარებს, პოზიციურად კი - სრულყოფილების მოდელია, სილამაზის, ფერის, სტრუქტურისა და რიტმის ამოუწურავი რესურსით.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 15 ივნისამდე.