- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
„მიბრუნება ორიენტალიზმთან''
31/03/2021
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით 2021 წლის 8 აპრილიდან 27 აპრილამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ბაქოს გოეთეს ცენტრის გამოფენას მიბრუნება ორიენტალიზმთან / RE-VISITING ORIENTALISM.
ევროპასა და აღმოსავლეთს შორის მრავალსაუკუნოვან დიალოგში სახვით ხელოვნებას ყოველთვის არსებითი წვლილი მიუძღოდა: თავდაპირველად, როგორც ბუნებისა და ცხოვრების წესის დოკუმენტს და მოგვიანებით, როგორც ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პოეტურ, ზოგჯერ რომანტიზებულ, ეგზოტიკურ ხატს. მეოცე საუკუნის ძვრებმა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომით დაიწყო, - რასაც მალევე ოსმალეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, - აიძულა მოდერნი და თანამედროვე ხელოვნება, უფრო კრიტიკულად შეეხედა რეგიონისთვის.
ანდრეას ლანგი ისტორიულ ორიენტალისტურ ტილოებს პოლიტიკური და სოციალური კონოტაციებით გაჯერებულ თანამედროვე პეიზაჟებს უპირისპირებს. მისი ეს პალიმფსესტი გახუნებულ ისტორიულ მასალაზე თანამედროვე შთაბეჭდილებების ზედდებაა. ასეთი მომნუსხველი ესთეტური მიდგომა ძველი აღმოსავლეთის იდუმალებას ხელუხლებლად ინარჩუნებს, მაგრამ თანამედროვე საზოგადოების კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებსაც ამჟღავნებს.
საკვლევ სივრცედ ხელოვანმა არა მხოლოდ ისეთი კლასიკური აღმოსავლური მხარეები აირჩია, როგორიცაა ტუნისი, თურქეთი ან სპარსეთის ყურე, არამედ სამხრეთ კავკასიაც, სადაც ოსმალური და სპარსული კულტურა რუსულ და, მოგვიანებით, საბჭოთა ზეგავლენას შეეჯახა, რომელმაც, სხვათა შორის, ორიენტალიზმის საკუთარი, სპეციფიური ფორმა წარმოშვა ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და არქიტექტურაში.
გამოფენა, რომელიც სტამბულში, „Kulturakademie Tarabya"-ში (ტარაბიას კულტურის აკადემიაში) ანდრეას ლანგის რეზიდენციით და სოლო გამოფენითაა ინსპირირებული, მიმდინარე პროექტია. 2020 წელს ის ონლაინ-პროექტის სახით ბაქოში იყო წარმოდგენილი.
გამოფენის კურატორია ალფონს ჰუგი, ბაქოს გოეთეს ცენტრის დირექტორი.
გამოფენის გახსნა: 8.04.2021, 15:00-18:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 8.04-22.05.2021
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. 8
საგამოფენო სივრცეში ერთდროულად დაიშვება 15-20 ადამიანი -რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის
ანდრეას ლანგი
ანდრეას ლანგმა სახელოვნებო მოღვაწეობა პარიზში დაიწყო. დღეს ის ბერლინში ცხოვრობს და ფოტოგრაფიასთან ერთად, ვიდეოინსტალაციის მიმართულებითაც მუშაობს. ლანგის ფოტოსერიები პეიზაჟების და მათი დაფარული ისტორიის, მათ შორის ევროპის სულიერ-კულტურული დნმ-ისა და მასთან მიბმული ჰეგემონიის გარშემო ტრიალებს. ლანგის უკანასკნელი გრძელვადიანი პროექტი (2011-16) კოლონიალიზმის შესახებ ცენტრალურ აფრიკაში მისი დიდი პაპის მიერ გადაღებულ ფოტოებს და მის დღიურს ეფუძნება. ლანგს მრავალი ჯილდო და სტიპენდია აქვს მიღებული - მათ შორის ბერლინის კულტურსენატის სახვითი ხელოვნების შემოქმედებითი სტიპენდია 2017 წელს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბერლინის გალერეების გაერთიანების სტიპენდია AArtist in Residency 2016 წელს. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო, მათ შორის, ლაგოსის ბიენალეზე (2019), n.b.k. ბერლინში (2018), მერკოსულის ბიენალეზე პორტო ალეგრეში / ბრაზილია (2017), გერმანიის ისტორიულ მუზეუმში / ბელინი (სოლო გამოფენა, 2016), ალფრედ ერჰარდის ფონდში / ბერლინი (სოლო გამოფენა, 2016), მიუნნჰენის საქალაქო მუზეუმში (სოლო გამოფენა, 2013), დაიჰტორჰალლენის ფოტოსახლში / ჰამბურგი (2011) და Centro de Cultura Contempor¬ania de Barcelona-ში (2007).
2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ანდრეას ლანგი ტარაბიას კულტურის აკადემიის (სტამბული) სტიპენდიანტი იყო. ამჟამად ის მუშაობს ახალ გრძელვადიან პროექტზე მეხსიერების კულტურის შესახებ თურქეთში, და მისი სტიპენდია გაგრძელდა 2020 წლის ბოლომდე.