- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
„საქართველო მეღვინეობის აკვანი" - ფოტოგამოფენა სეულში
04/03/2021
2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილამდე, სეულში, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და კორეის ფონდის ორგანიზებით, KF გალერეა (KF Gallery, KF Global Center) მასპინძლობს ფოტოგამოფენას სახელწოდებით „საქართველო მეღვინეობის აკვანი". პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.
ქართული ღვინის ცივილიზაციის და მეღვინეობის ისტორიის შესახებ მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ექსპოზიციას კორეის რესპუბლიკა პირველად მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ამსახველი ფოტოები, მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი, ქვევრი, ოქრომჭედლობის ნიმუშები. დამთვალიერებელი ფოტოგამოფენაზე ასევე გაეცნობა მარანს და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ასევე, ეროვნული მუზეუმის უნიკალურ ფოტოარქივს დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან, რომელიც დამთვალიერებლებს აცნობს საქართველოში ღვინის დამზადების 8 000-წლოვან კულტურასა და ისტორიას.
გამოფენის კონცეფცია და ვიზუალური მასალა, ადგილობრივ დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე და ასევე ვირტუალურ ფორმატში გაეცნოს საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს.