Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციების გამოფენა ბაქოში

 07/06/2019

2019 წლის 27 მაისს, ქალაქ ბაქოში,ჰეიდარ ალიევის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობადაა აღიარებული, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების გამოფენაა წარმოდგენილი - „გადარჩენილი შედევრები - აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან". 

გამოფენა იმ 5 წლიანი ჩატარებული სამუშაოების დამაგვირგვინებელი ეტაპია, რომელიც ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმისა და ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. გამოფენის კურატორები არიან ეროვნული მუზეუმის მხრიდან აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინა კოშორიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე. აზერაბაიჯანის მხრიდან კი აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი ჩინგიზ ფარზალიევი და პროექტის ხელმძღვანელი, ჰეიდარ ალიევის ცენტრის წარმომადგენელი ემინ მამადოვი.

აღნიშნული პროექტი კავკასიის მუზეუმის ახალი სიცოცხლის დასაწყისია იმ შესაძლებლობასთან ერთად, რასაც მისი წარდგენა ჰქვია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და მეცნიერება დღევანდელ საუკეთესო პრაქტიკასთან ერთად, ვაჩვენოთ საერთაშორისო კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ და რომელიც დღეს გვიკავია მსოფლიო ისტორიის ჩამოყალიბებაში.

გამოფენა ჰეიდარ ალიევის ცენტრში 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად გამოიცა წიგნი-კატალოგი, რომლის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ნადირაძე. გამოფენის პარალელურად დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმდიდრეს აღმოსავლურ კოლექციებს ფლობს, რომელთა არსებობა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს (1852) უკავშირდება. მათი გამდიდრება და შესწავლა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციებისა თუ შემოწირულობების გზით ხორციელდებოდა. ქართველი მკვლევრები მსოფლიოში ამ ცალკეული კოლექციების შესწავლის პიონერებად არიან აღიარებულნი.

ბაქოში წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს გვიანირანული ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ყაჯართა დინასტიის მმართველობის ეპოქაში (1785-1925) შეიქმნა, ერევნის სარდრის სასახლის კომპლექსის არტეფაქტებსა და ერმაკოვის უნიკალურ ფოტოარქივს.

ირანული კოლექცია წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი დაზგური ფერწერის ნიმუშებით, რომელთა დიდი ნაწილი  ფათჰ ალი შაჰის (1797-1834) მმართველობის ეპოქაშია შექმნილი, გამოფენაზე ასევე პირველად არის წარმოდგენილი მინიატიურული და ლაქის ფერწერის 100-მდე ნიმუში, ლითონმქანდაკებლობა, იარაღი, ქსოვილები და ხალიჩები.

დაზგური ფერწერის ექვსი ნიმუში ცნობილ აზერბაიჯანელ მხატვარ მირზა ყადიმ ირევანის (1825-1875) ეკუთვნის. ისინი ერევნის სარდრის სასახლის სარკეებიან დარბაზს ამკობდა. აქვეა წარმოდგენილი კერამიკული ფილების - შორენკეცების ფრაგმენტები სარდრის სასახლისა და მეჩეთიდან. ხელოვნების ყველა ეს ნიმუში დანგრეული სასახლის კომპლექსიდან XX საუკუნის დასაწყისში კავკასიის მუზეუმის ნაწილი გახდა. ამ არტეფაქტების გვერდით გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელების ეთნოგრაფიული სამოსი კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან.

დიმიტრი ერმაკოვის (1845-1916) ფოტომასალა დამთვალიერებელს აცნობს აზერბაიჯანელთა სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფისა და ხელოსნობის ამსახველ მასალას, სარდრის სასახლის, მეჩეთის და მთელი კომპლექსის თანდათანობით დანგრევისა და განადგურების ქრონიკას. განსაკუთრებით ფასეულია სასახლის მთავარი სარკეებიანი დარბაზის ფოტოები, სადაც მირზა ყადიმ ირევანის ფერწერული ტილოები ჯერ კიდევ სასახლის ინტერიერშია წარმოდგენილი. ამ უნიკალურმა მასალამ მუზეუმის გუნდს საშუალება მისცა შეექმნა გამოფენის კონცეფცია, ხოლო ქართულ და აზერბაიჯანულ კონსერვაციის გუნდს კი დაეხმარა დაკარგული, ცალკეული ფერწერული დეტალების აღდგენაში.

ფოტო: ჰეიდარ ალიევის ცენტრი