- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში
10/01/2019
2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW" ნიკო ფიროსმანაშვილის ხუთი სურათი გამოიფინა.
მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილია მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism".
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში ექსპონირებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი" და „ხილის დუქანი"; ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფა" და „ნატურმორტი დოშებით".
დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, წარმოდგენილია პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის, კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატებს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1969 წელს გიორგი შენგელაიას მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი „ფიროსმანი".
გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.