Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში

 04/10/2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს ვენის ალბერტინას მუზეუმი უმასპინძლებს. "NIKO PIROSMANI - A Wanderer Between Worlds" - ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთ წიგნს სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914" პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა - „ფიროსმანის პორტრეტი". ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით "Table Of Pirosmani", რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. ავტორთა შორის არიან: ადრიან გენი, ჯორჯ ბაზელიცი, იოშიტომო ნარა და ანდრო ვეკუა.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია "Infinitart Foundation Vienna", საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვენის, ალბერტინას მუზეუმი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია Julius Baer, TS Foundation, Lady Angela Nevill. გამოფენის სპონსორია საქართველოს ბანკი.