- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
Homo georgicus - თავის ქალა პირველი ევროპელების სამშობლოდან
21/09/2018
ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.
გამოფენების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეირჩა სამი მუზეუმი მაინის ფრანკფურტში: ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (Naturmuseum Senckenberg). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში (Archäologisches Museum Frankfurt am Main), სადაც გამოიფინება ექსპონატები ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით, ხოლო ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში (Skulpturensammlung Liebghaus).
***
„Homo georgicus - თავის ქალა პირველი ევროპელების სამშობლოდან"
2018 წლის 11 ოქტომბერი - 18 ნოემბერი
ქ. მაინის ფრანკფურტი, ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო კვლევების ცენტრი და მუზეუმი, ზენკენბერგანლაგე 25.
საქართველო არის ადგილი, სადაც აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ნაშთები, რომლებიც დათარიღებულია 1.8 მილიონი წლით. მიჩნეულია, რომ ისინი აფრიკიდან ევრაზიის ტერიტორიაზე გამოსული პირველი ადამიანები და პირველი ევროპელების წინაპრები არიან. ხუთი საუკეთესოდ შემონახული პირველყოფილი ადამიანის თავის ქალა წარმოადგენს ინდივიდუალური ასაკობრივი განვითარების სრულ სპექტრს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ევოლუციური განვითარების კვლევისათვის. ეს თავის ქალები გამოირჩევა განსხვავებული მორფოლოგიური მახასიათებლებით, თუმცა, დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ცალკეული ინდივიდები ერთი და იმავე სახეობის - ჰომო ერექტუსის წარმომადგენლები არიან. ამგვარად, მართლდება ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც აფრიკიდან ევრაზიაში ადრეული ადამიანის მხოლოდ ერთი სახეობა დასახლდა.
2018 წ. 11 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე ფრანკფურტის ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ დმანისში აღმოჩენილ „მეხუთე თავის ქალას". მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული თავის ქალა და ქვედა ყბა პირველად იქნება წარმოდგენილი საქართველოს საზღვრებს გარეთ.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია და მასალები დმანისის არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ.
ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
http://georgia-characters.com/Home.aspx?lang=ka-GE
www.senckenberg.de