Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მედეას სიყვარული და ბრძოლა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად

 21/09/2018

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.

გამოფენების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეირჩა სამი მუზეუმი მაინის ფრანკფურტში: ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (Naturmuseum Senckenberg). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში (Archäologisches Museum Frankfurt am Main), სადაც გამოიფინება ექსპონატები ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით, ხოლო ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში (Skulpturensammlung Liebghaus).

***

„მედეას სიყვარული და ბრძოლა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად"

2018 წ. 5 ოქტომბერი - 2019 წ. 10 თებერვალი
გახსნა: 2018 წ. 4 ოქტომბერი.
ქ. მაინის ფრანკფურტი, მუზეუმი ლიბიგჰაუს, შაუმაინკაი 71

გამოფენაზე „მედეას სიყვარული და ბრძოლა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად" მოთხრობილი იქნება ძველი მსოფლიოს შესანიშნავი მითი - უფლისწულ იასონის ამბავი, რომელსაც, დიად ბერძენ გმირებთან ერთად, საოცარი თავგადასავალი გადახდა. სახიფათო საზღვაო მოგზაურობა არგონავტებს კოლხეთის მიწაზე მიიყვანს. მათ ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება და საბერძნეთში დაბრუნება სურთ, რაც თითქმის შეუსრულებელი ამოცანაა, რადგან საწმისს გველეშაპი იცავს. მხოლოდ დიდი სიყვარულის წყალობით კოლხეთის მეფის ასულ გრძნეულ მედეასა და იასონს შორის მოიპოვებენ არგონავტები ოქროს საწმისს.

მითის სრულყოფილად წარმოსაჩენად, სპეციალურად ამ გამოფენისთვის, ლიბიგჰაუსში წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის მუზეუმის, ლუვრის, ვატიკანის და ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის უძველესი არტეფაქტები. ესენია: ბერძნული და ეტრუსკული ლარნაკები, რომაული კედლის მხატვრობა, ბერძნული და რომაული სკულპტურები და სხვა. გამოფენის კულმინაციას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები - დამთვალიერებელი იხილავს გასაოცარი სილამაზის ბრინჯაოს ხანის იარაღს, ჭურჭელსა და ოქროს სამკაულს.

გასაკვირი არაა, რომ მითში საქართველო დაკავშირებულია ოქროს მოპოვებასთან, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ვარაუდობენ არქეოლოგები ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადოს არსებობას. ახალი კვლევები ადასტურებს ოქროს მოპოვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადრეული საქართველოს ცივილიზაციისათვის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქვეყნის სიმდიდრეს, რომელიც ოქროს საწმისის ლეგენდაში აისახა.

ფოტო: ლიბიგჰაუსის მუზეუმი

http://georgia-characters.com/Home.aspx?lang=ka-GE
www.liebieghaus.de