Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველო - მეღვინეობის აკვანი

 17/07/2017

ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორია საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაცოცხლდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, არტეფაქტების ასლებსა და ფოტომასალას ბორდოს ,,ღვინის ქალაქი' (La Cité du Vin) უმასპინძლებს, სადაც საქართველო წარსდგება როგორც პირველი „მოწვეული ვენახი".  

„მოწვეული ვენახი" გამოფენათა ციკლის ნაწილია, რომლის ორგანიზებაც ბორდოში ახლადგახსნილმა ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრმა, იმავე „ღვინის ქალაქმა" ითავა. გამოფენა, რომლის ორგანიზებასაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე უშუალოდ ხელმძღვანელობს, მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნება და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თანამედროვე სამუზეუმო ინსტალაციის საშუალებით, მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა დამთვალიერებელს გააცნობს საქართველოში ვაზის კულტურის განვითარების სხვადასხვა ეპოქას. საგამოფენო კონცეფცია ითვალისწინებს ფართო ქრონოლოგიურ ჭრილში წარმოადგინოს ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი არტეფაქტები, აჩვენოს ამ კულტურის არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მისი უწყვეტობაც.

გამოფენის მთავარი ამოსავალი წერტილია მეღვინეობის საწყისი ეტაპის - ნეოლითის ეპოქის არქეოლოგიური აღმოჩენები. ღვინის მჟავის შემცველი ჭურჭლის ფრაგმენტები ცხადყოფს, რომ მეღვინეობა სათავეს იღებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ქვემო ქართლში -  სწორედ იქ, სადაც პირველი ევროპელების ნაშთები იქნა გამოვლენილი.

თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით აღიარებს საქართველოს „ღვინის სამშობლოდ". ამას, ერთი მხრივ, მოწმობს ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი არქეოლოგიური მასალა და, მეორე მხრივ, არქეობოტანიკური მონაცემები. ამასვე ადასტურებს ქვემო ქართლის რეგიონში აღმოჩენილი ძვ. წ. VI-IV ათასწლეულების ნამოსახლარები (არუხლო, გადაჭრილი გორა) და საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე სხვა არქეოლოგიური გათხრები.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს მარნის იმიტაციას, რომელიც მნახველს აჩვენებს, თუ როგორ შემორჩა ღვინისადმი საკრალური დამოკიდებულება ქართულ ეთნოგრაფიაში. გამოფენაზე დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციებით წარმოდგენილი იქნება ქვევრთან დაკავშირებული მრავალფეროვანი წეს-ჩვეულებების ამსახველი ფოტოინსტალაცია.

ბორდოში „ღვინის ქალაქში" გამართული ექსპოზიცია სიმბოლურად ასახავს ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის გზას და ქართული მეღვინეობის ტრადიციების უწყვეტობას, მის დაგვირგვინებას კი წარმოადგენს ნიკო ფიროსმანაშვილის ქართული სუფრის ტრადიციის ამსახველი შედევრი „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან".

გამოფენის თანაორგანიზატორია საქართველის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში. პროექტის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ქართული ღვინო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი".