Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ჰოლანდიაში

 14/05/2012

ჰოლანდიის დორდრეხტის მუზეუმმა 2012 წლის 6 მაისიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უმასპინძლა.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ჰოლანდიაში პირველად გამოიფინა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „ფიროსმანის ძიებაში“ წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 45 ნამუშევარი.

გამოფენაზე, აგრეთვე  წარმოდგენილი გახლდათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფიროსმანის დროინდელი თბილისის ამსახველი 15 ფოტო.

დორდრეხტის მუზეუმი მდებარეობს დორდრეხტის ისტორიულ ცენტრში მდინარისპირა ნავსადგურებსა და კულტურის ძეგლებს შორის. მუზეუმში დაცულია ფერწერის, გრაფიკისა და ანაბეჭდების შესანიშნავი კოლექციები 16-ე საუკუნიდან თანამდეროვეობის ჩათვლით. განსაკუთრებულად აქცენტირებულია  17-ე საუკუნის იმ ჰოლანდელ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დორდრეხტში: კოიპი,  მასი, ბოლი (Cuyp, Maes, Bol) და ა.შ. და 19–ე საუკუნის მხატვრობა (შეფერი, ჰააგის სკოლა). მუზეუმი დაარსებულია 1842 წელს და ნიდერლანდების უძველეს მუზეუმებს შორისაა. ამჟამინდელ შენობაში იგი 1904 წლიდან გადავიდა.

სხვადასხვა წლებში დორდრეხტის მუზეუმი მასპინძლობდა ისეთი მუზეუმების კოლექციებს  როგორებიცაა: პრადოს მუზეუმი, მეტროპოლიტენის მუზეუმი, ერმიტაჟი,  დრეზდენის სამხატვრო გალერეა, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ლუვრი, გეტის მუზეუმი და სხვა.

გამოფენა გაიმართა საქართველოს პირველი ლედის ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დორდრეხტის მუზეუმი, საქართველოს საელჩო ჰოლანდიაში.