Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

 20/04/2012

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა და პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. იდეის ავტორი და განმახორციელებელი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლავთ. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორი კი - ლონგინოზ სუმბაძე.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული, მოიცავს 52 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები გამოფენილია 10 ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. ერთ-ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI საუკუნის სიონის ბაზილიკა, ძვ.წ. II ათასწლეულის დოლმენი (აკლდამა) აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

მუზეუმში წარმოდგენილია 8 ათასზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ნიმუშები; საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

სამეგრელოს ზონაში ფუნქციონირებს „ეთნოგრაფიის სახლი“, სადაც წარმოდგენილია აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი, ქართველი ეთნოგრაფების წიგნსაცავი და ქართველ დიდგვაროვანთა საქორწინო სამოსი.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. მ. ბერძენიშვილის ქ. 25 (კუს ტბის გზა)