- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
წიგნი ალბომის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია, ქართველი მხატვრისა და პედაგოგის, დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიმდინარე გამოფენის ფარგლებში.
წიგნში წარმოდგენილია დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაცია, მისი ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები.
დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, მაგრამ არ ქონია პერსონალური გამოფენა.
მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესიაონალებისთვისაც კი. ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.
წიგნის პუბლიკაცია განხორციელდა „შატო ზეგაანის“ ფინანსური მხარდაჭრით.
წიგნის ავტორი - ლელა წიწუაშვილი
წიგნის დიზაინერი - დავით ჯანიაშვილი