Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლისა და საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული

 07/12/2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო წარმოაჩენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროებას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.

კონკურსზე საქართველო პირველად 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარსდგა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე. სვანეთის მუზეუმი დასახელებული იყო ნომინაციაში: ,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის".

საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი გამოავლენს 2022 წლის მაისში დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის ქალაქ ტარტუში.

***

ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს. მუზეუმი აერთიანებს მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, მედიათეკა, კაფე და მუზეუმის მაღაზია. 

ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი", რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის. მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, სახელოვნებო, ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებისთვის.