Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან"

 18/05/2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება ისტორიის დოქტორის, ლია ქიტიაშვილის ლექცია - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან".

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის რარიტეტული საფონდო მასალა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ისე საექსპოზიციო და საგანმანათლებლო კუთხით. მისი უნიკალურობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: დოკუმენტაციის, როგორც პირველადი ნაბეჭდი წიგნის ქართულენოვანი მხარე, ასევე, ჟანრობრივი და თვისობრივი მახასიათებლები, ვიზუალი და წიგნის შექმნის ისტორია.

ამ ისტორიული დოკუმენტებისა და მათ ფურცლებზე შემონახული ჩანაწერების შეკრებით, მკითხველის წინაშე რეკონსტრუირდება XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს, როგორც პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი, ასევე კულტურულ-მენტალური მრავალსახოვანი ისტორია. რარიტეტული ფონდის წყაროთმცოდნეობითი ბაზა გვაძლევს ინტერკულტურული და ინტერდისციპლინარული კვლევების ფართო მასშტაბებს.

ლექციაზე საუბარი იქნება შემდეგ გამოცემებზე: 1709 წლის ერეკლე მეორის საოჯახო სახარება; 1741-43 წლის ვახტანგ მეექვსის შვილის ბაქარის ბიბლია; XVII საუკუნის ლევან დადიანისეული ხელნაწერი; 1819 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული „ქრისტეს ჭეშმარიტებანი", რომლის დაბეჭვდასა და გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ერეკლე მეფის შვილიშვილს, გრიგოლს; 1825 წლის ერეკლე მეფის ქალიშვილის ანასტასიას კუთვნილი „კურთხევანი"; 1744 წელს მოსკოვში დაბეჭდილი, ტიმოთე გაბაშვილის მიერ ჩასწორებული „იოანე დამასკელი"; 1810 წლის ბაგრატიონ-დავიდოვების „ლოცვანი".

წარმოდგენილი ისტორიული დოკუმენტები გადმოგვცემენ კათალიკოსების, ბაგრატიონების, დიაკვნების, დადიანების ცხოვრების, ასევე, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საეკლესიო მდგომარეობის შესახებ. მათზე თანდართული ფრაგმენტული სახის დოკუმენტები უმნიშვნელოვანესი ნარატიული წყაროებია. მათი შეერთებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიებით შესაძლებელი ხდება XVII-XVIII-XX საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოებრივი სურათისა და ეპოქალური მენტალური სურათის აღდგენა.

ლექცია გაიმართება: 21 მაისს, 16:00 საათზე
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3, VI სართული.

ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/GLkyu5p1ELh9keoC7
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/3ePRMrQ

#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021