- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მრავალი პრობლემის წინაშე დგას და მათი გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.
2005 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ მრავალი ღონისძიება გატარდა როგორც ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე მუზეუმის რეაბილიტაციისათვის მომზადების მიზნით. საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან/სპეციალისტებთან თანამშრომლობით, მრავალ დარგობრივ კვლევაზე დაყრდნობითა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სრულად დაცვით არის მომზადებული: ხელოვნების მუზეუმის კოლექციების დროებით გადაადგილების დეტალური გეგმა; ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის კონცეფია; მუზეუმის 1980-იან წლებში აგებულ შენობაში რესტავრაცია-კონსერვაციის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბების დეტალური პროექტი.
ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ზოგადი კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხედვისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქცია-კონსერვაციის კუთხით ცნობილმა არქიტექტორმა ჟან-ფრანსუა მილუმ (საფრანგეთი)/ studioMilou (საფრანგეთი-სინგაპური). ჟან ფრანსუა მილუ ასევე თბილისის მუზეუმების უბნის (და Avenue of the Arts) გენერალური გეგმის ავტორია. იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან 2006 წლიდან თანამშრომლობს.
2019 წლის სექტემბერში, თბილისში, ჟან ფრანსუა მილუმ და სიუზან ოგმა დავით ლორთქიფანიძესთან და ხელოვნების მუზეუმის კურატორთა გუნდთან ერთად, მოაწყვეს სამუშაო სესია ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმის შესახებ.