- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
საველე-არქეოლოგიური სამუშაოები დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდმა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე კვლევითი პროექტით განსაზღვრული საველე-არქეოლოგიურ სამუშაოები განაახლა.
დმანისის ნაქალაქარს, შემორჩენილი ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია შუა საუკუნეების ამიერკავკასიის ნაქალაქარებს შორის.
ამიერკავკასიის სავაჭრო მაგისტრალების გზაჯვარედინზე მდებარე ციხე-ქალაქი დმანისი IX-X საუკუნეებში წარმოიქმნა, განსაკუთრებულ ეკონომიკურ აღმავლობას კი XII-XIII საუკუნეებში მიაღწია. იმ დროისათვის, საქალაქო ხელოსნური წარმოებით სახელგანთმული ქალაქი მრავალეთნიკური, სხვადასხვა კონფესიური ჯგუფებით დასახლებული პუნქტი იყო და საქართველოში საყოველთაოდ დასადგურებული რელიგიურ-ეთნიკური ტოლერანტობის ამსახველ მოვლენას წარმოადგენდა. შესაბამისად, დღეისათვის ნაქალაქარად ქცეულ ტერიტორიაზე თვალსაჩინოდ იკითხება შუა საუკუნეების დმანისის მოსახლეობის ეთნიკურ-კონფესიური სურათი, რომელიც სხვადასხვა რელიგიური სალოცავების, ხუროთმოძღვრული ნაშთებითა და ქალაქის სამაროვანზე ქართულ-სომხური ქრისტიანული და არაბულ-მუსლიმური დასაკრძალი მემორიალებით სავსე უბნებით არის წარმოდგენილი. დმანისი, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის ლაშქრობების შედეგად განადგურდა.
ამჟამად, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს შუა საუკუნეების ნაქალაქარისა და ძველი ქალაქის სამაროვანის ტერიტორიაზე, სადაც უკვე გამოვლინდა ძველი ქალაქის მოსახლეობის სამარხებზე სხვადასხვა ტიპის საფლავის ქვებით მოწყობილი მიწისზედა მემორიალური ძეგლები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.