Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

„დიმიტრი ერმაკოვი ირანში" - წიგნის პრეზენტაცია

 05/11/2019

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ წიგნის პრეზენტაციას: ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში". პროექტის ავტორები: ირინა კოშორიძე, ლიკა მამაცაშვილი, გრიგოლ ბერაძე.

წიგნი ეძღვნება საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს.

მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფოტოგრაფი, ფოტოკოლექციონერი დიმიტრი ერმაკოვი (1842-1916) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, კერძოდ თბილისში. მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მრავალჟანრობრივი ფოტომატიანე შექმნა, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო და თბილისი, ასევე მისი მოგზაურობის შედეგად ასახული კავკასია, თურქეთი, ირანი და სხვა რეგიონები.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტომატიანე მთლიანობაში მოიცავს ათობით ათას ფოტოანაბეჭდს, მინის ნეგატივებსა და ალბომებს. ეროვნული მუზეუმის ფოტოარქივში დაცულ ამ მასალაში განსაკუთრებით გამოირჩევა ერმაკოვის მიერ შექმნილი ირანის ფოტომასალა. წიგნში წარმოდგენილი ფოტოები ასახავს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ ირანის ყოფას, სივრცეს, პორტრეტებს, ყაჯარულ ეპოქას. წიგნის სტრუქტურაც სწორედ ამ მიმართულებით აიგო. ერმაკოვმა ირანში სამჯერ იმოგზაურა, რამაც საშუალება მისცა მას დეტალურად დაეფიქსირებინა და სიღრმისეულად წარმოეჩინა ქვეყანა.

დიმიტრი ერმაკოვი ირანში კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ენზელიდან შევიდა და იმოგზაურა გილანის პროვინციიდან თეირანამდე, რეშთის და ყაზვინის გავლით, იყო შაჰის კარის ფოტოგრაფი და შეძლო სრულად გადმოეცა ირანის იმდროინდელი ყოფა, ისტორიული ძეგლები, მნიშვნელოვანი მოვლენები. ერმაკოვის მხატვრული ხედვა ძალზე თვითმყოფადი და დიდი ინფორმაციის მატარებელია; გამოირჩევა კომპოზიციისა და რაკურსების მრავალფეროვნებით, რაც ხასიათების და ყოფის დეტალებში წვდომის საშუალებას დღესაც გვაძლევს.

ერმაკოვის ფოტომატიანე, გარდა ისტორიული ღირებულებისა, სამეცნიერო დანიშნულებითაც გამორჩეულია და მნიშვნელოვან სინამდვილეს გვაცნობს ადრეული ფოტოგრაფიის შესახებ როგორც ირანში, ისე იმ ადგილებში, სადაც ის ფოტოარქივს ქმნიდა.

წიგნის პრეზენტაციაზე, საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება ციფრული ექსპოზიცია, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა წიგნში თავმოყრილ ფოტოებს თემატური თანმიმდევრობით: სივრცე, ყოფა, პორტრეტები.

წიგნის პრეზენტაცია: 15 ნოემბერი, 2019 | 18:00
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

დასწრება თავისუფალია!