- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
მუზეუმის ფესტივალი ◆ უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 18-25 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება.
ამერიკელი გლაციოლოგი, მოგზაური და ფოტოგრაფი უილიამ ოზგულდ ფილდი 1904 წლის 30 იანვარს ნიუ-ორკში დაიბადა. 1929, 1931 და 1933 წლებში მან, როგორც მყინვარების მკვლევარმა, მყინვარების შესასწავლად არაერთხელ იმოგზაურა საქართველოში. კვლევების დროს ფირზე იღებდა და ასახავდა ქვეყნის ლანდშაფტსა და ხალხს. გადაიღო 500-მდე ფოტოსურათი და სამი ეთნოგრაფიული ფილმი ქართლში, ხევსურეთსა და სვანეთში. საკუთარ დღიურებში კი ასობით გვერდი მიუძღვნა ქვეყნისა და ტრადიციების აღწერას.
მან თავის ფოტოებში 20-30-იანი წლების ქართული ეპოქა გააცოცხლა. თვენახევრის განმავლობაში მან ფეხით მოიარა სვანური სოფლები და ყველაფერი ფირზე აღბეჭდა. სწორედ მისი ფილმის საშუალებით ვიგებთ, როგორი იყო სვანეთი 20-30-იან წლებში. ფილმში ასახულმა სვანი ხალხის ყოფა-ცხოვრების უნიკალურმა კადრებმა გააცოცხლა სვანეთის წარსული. ოზგულდ ფილდმა დღიურებში დაწერა რომ როგორც სვანეთში, ასე გულთბილად მას არავინ არსად გამასპინძლებია. „თუ არ გინახავს სვანეთი და საქართველო, შენ ნახევარი ადამიანი ხარ“ - ასე ეუბნებოდა ფილდი თავის ქალიშვილს.
ფილდი 90 წლის ასაკში, 1994 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა.
ფილმის ჩვენებები: 18-25 მაისი
მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი / მესტია, ა. იოსელიანის ქ.7