- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
ქორწინების რიტუალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ ქორწინების რიტუალს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ - გახადე შენი ქორწილი დაუვიწყარი ზოგადქართული ქორწინების რიტუალის ცოცხალი რეკონსტრუქციის საშუალებით!
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ძველი ქართული ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციას.
ძველქართული საქორწინო ტრადიციების შესაბამისად დაწერილი სცენარის მიხედვით, ცერემონია გაიმართება ავთენტურ ექსპონატ-ნაგებობაში, რომელიც სპეციალურად ამ რიტუალისთვის მოეწყო და აღიჭურვა. ბაღდათის რაიონის სოფელ ხანიდან გადმოტანილი, ლაზი ოსტატების მიერ აგებულ-მოჩუქურთმებული, საუკუნე-ნახევრის პალატიანი ოდა სახლი თავისი არსებობის განმავლობაში რამდენიმე თაობის ტრადიციული ქორწილის მომსწრეა.
ცერემონია შედგება ტრადიციული ქართული საქორწინო რიტუალისთვის დამახასიათებელი დეტალებისაგან - ხორბლის გადმოყრა, ხმლების რიგში გავლა, ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერები - მრავალჟამიერი, მუმლი მუხასაო და სხვ.
ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ, ოჯახის უფროსი, ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი ნეფე-პატარძალსა და მაყრიონს ოჯახში შეიპატიჟებს სახლში, სადაც დახვდებათ ქართული ქორწილისთვის ტრადიციული - პატარა ტაბლაზე მდგარი ღვინით სავსე დოქი, ფიალა, ხილი, პური, თაფლით სავსე თიხის ჯამი და სადგამიანი ხის ჯვარი, სამივე წვერზე ჩამოცმული ვაშლებით.
ნეფე-პატარძალი ერთად გატეხავს კარის ზღურბლთან დაპირქვავებულ თიხის პატარა ჯამს. წყვილი ასევე დააგემოვნებს თაფლიან პურს, რაც, ძველქართული წესის მიხედვით, ტკბილი ცხოვრების საწინდარია. ცერემონიის დასასრულს, დიასახლისი ჩასჭიდებს ხელს ნეფე-პატარძალს და სამჯერ შემოატარებს კერას მარჯვნიდან მარცხნივ - ამ რიტუალის შემდეგ, პატარძალი ოჯახის ახალ წევრად მიიჩნევა.
რიტუალის სრული პროცესი გასტანს დაახლოებით 50-60 წუთს.
ამის შემდგომ სტუმრები, სურვილისამებრ, გადაინაცვლებენ საექსპოზიციო ზონის სხვა უბნებზე.
საზეიმო ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში სრულდება ფოტოსესიით.
სრული მომსახურების ღირებულებაა 800 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 968 845