Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში

 27/01/2017

2017 წლის 30 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად შემუშავებული პროგრამის „ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" ფარგლებში.  

ბოლო წლებში პროგრამა - „ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" წარმატებით ხორციელდება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

2017 წელს დაგეგმილია ამ პროგრამის ფართოდ დანერგვა ეროვნული მუზეუმის სისტემაში შემავალ - ელენე ახვლედიანის და იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმებში, და ასევე, რეგიონულ მუზეუმებში, მათ შორის, ბოლნისის ახალ მუზეუმში. 

ამ პროგრამის ფარგლებში, გერმანული ენის პედაგოგებისთვის მუშავდება დამხმარე სასწავლო მასალა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ჩაატარონ გასვლითი გაკვეთილები მუზეუმებში. გაკვეთილი ითვალისწინებს ინტერაქტიულ თამაშებს, გამოფენის გაცნობას, ექსპონატებზე და მათ დეტალებზე ყურადღების გამახვილებას და ამ გზით ახალი გერმანული გამოთქმებისა თუ სიტყვების სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას დაესწრება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაცია. ვიზიტის
ერთ-ერთი მთავარი მიზანია აზერბაიჯანსა და საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

მისამართი: ლეო ქიაჩელის ქუჩა 12