Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული შესწავლა

 16/07/2014

2014 წლის 16-18 ივლისს ვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის - გერმანიის პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც გულისხმობს ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევის ქართულ-გერმანული პროექტის მომზადებას.

პროექტის მიზანია ვანის სატაძრო და თავდაცვითი ნაგებობების უახლესი მეთოდებით კონსერვაცია; ვანსა და მის შემოგარენში გეომორფოლოგიური კვლევების ჩატარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიების სტრატეგიისთვის (ვანს - კოლხეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრსა და მასზე დაქვემდებარებულ რეგიონებს შორის კავშირის განსაზღვრისათვის), აგრეთვე ვანის ელინისტური სამყაროს საერთო კონტექსტში ახლებურად წარმოჩენისათვის.

ვანი - ძველი კოლხეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი, ძვ.წ. VIII-I საუკუნეების სატაძრო ქალაქი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული თავისი უნიკალური აღმოჩენებით მუდმივად საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

პროექტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ვიცეპრეზიდენტი პროფ. შაუერტე, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის, კიოლნისა და მიუნსტერის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, კერძოდ, არქეოლოგები, არქიტექტორები, რესტავრატორები და გეოლოგები.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, მოხდება ექსპონატთა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმის კოლექციებისთვის საგანგებო საცავის მონიტორინგი. დროებითი საცავი ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების წამყვანი რესტავრატორების, უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სპეციალისტების რეკომენდაციებით მოეწყო 2012 წელს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ეროვნული მუზეუმისა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ,,დამეგობრების" - თვინინგის პროგრამის ფარგლებში.

ნაქალაქარის განვითარების გეგმა ვანის მუზეუმის საერთო კონცეფციის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ვანის მუზეუმის 80-იან წლებში აგებული შენობის სრულ რეკონსტრუქციას. რეაბილიტაციის შედეგად მუზეუმს დაემატება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საგამოფენო დარბაზები, ლაბორატორიები და საფონდო ზონები ექსპონატთათვის.

მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.